ხანგრძლივი ფრენის შემდეგ აეროპორტის ბარგის მიღების ზონაში ლოდინი მგზავრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს 100%-იანი გარანტია, რომ თქვენი ჩემოდანი კონვეიერზე პირველი გამოჩნდება, მოგზაურობის ექსპერტები რამდენიმე ეფექტურ ხრიკს გვთავაზობენ, რაც ამ პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს.
მთავარი და ყველაზე საიმედო გზა „პრიორიტეტული თეგის“ (Priority Tag) გამოყენებაა. ეს კაშკაშა ფერის ნიშნული ბარგის დამხარისხებლებისთვის სიგნალია, რომ ჩემოდანი ცალკე უნდა განთავსდეს და დანიშნულების ადგილზე პირველ რიგში გამოიგზავნოს. მსგავსი თეგები, როგორც წესი, ბიზნეს და პირველი კლასის მგზავრებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მისი მიღება ეკონომ-კლასის იმ მგზავრებსაც შეუძლიათ, რომლებსაც ავიაკომპანიის „ელიტარული სტატუსი“ აქვთ. ექსპერტები ასევე გვირჩევენ, უბრალოდ ვთხოვოთ რეგისტრაციის აგენტს ასეთი თეგის დამაგრება — განსაკუთრებით მაშინ, თუ რეისი დაგვიანდა და შემდეგ ფრენაზე გადაჯდომას ჩქარობთ.
არსებობს სხვა „ხალხური“ მეთოდებიც. მაგალითად, ზოგიერთი მგზავრი რეგისტრაციას ბოლო წუთებში გადის. ლოგიკა მარტივია: ბოლოს ჩაბარებული ბარგი თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში ყველაზე გვიან იტვირთება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადმოტვირთვისას ის ერთ-ერთი პირველი იქნება. თუმცა, ეს მეთოდი გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან შესაძლოა ფრენაზე დაგვიანება გამოიწვიოს. კიდევ ერთი ალტერნატივა ბარგის „Gate-check“ რეჟიმში ჩაბარებაა (უშუალოდ თვითმფრინავის შესასვლელთან), რაც ხშირად იმას ნიშნავს, რომ დაშვებისთანავე ჩემოდანი ტრაპთან დაგხვდებათ.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი ავიაკომპანია, როგორიცაა Delta და Alaska Airlines, მგზავრებს ბარგის დაგვიანებისთვის კომპენსაციასაც კი სთავაზობს. თუ ჩემოდანი თვითმფრინავის გაჩერებიდან 20 წუთში არ გამოჩნდება, მგზავრი უფლებამოსილია მოითხოვოს ბონუს მილები ან ფასდაკლება შემდეგ ფრენაზე.
და ბოლოს, ექსპერტები გვახსენებენ ელემენტარულ სიფრთხილესაც: ყოველთვის მოაცილეთ ჩემოდანს ძველი სამგზავრო სტიკერები, რათა სკანერებმა ბარგი არასწორი მიმართულებით არ გაგზავნონ. Apple AirTag-ის მსგავსი მოწყობილობის გამოყენება კი საშუალებას მოგცემთ, ტელეფონით აკონტროლოთ თქვენი ნივთების გადაადგილება და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე დაელოდოთ მათ გამოჩენას.












