შვებულების დროს ბევრი მოგზაური ღელავს ბარგის უსაფრთხოებაზე, რადგან ცნობილია, რომ აეროპორტებში ჩემოდნებს ხშირად უხეშად ეპყრობიან. გამოცემა Mirror-ის ცნობით, არსებობს რამდენიმე ხერხი, რითაც შეიძლება ბარგის დაზიანების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ.

Reddit-ზე ერთ-ერთმა ბარგის მუშაკმა მოგზაურების კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ჩემოდნის ბორბლებზეა დამოკიდებული. მისი თქმით, თუ ჩემოდანს აქვს მინიმუმ ორი, იდეალურ შემთხვევაში კი ოთხი გამართული ბორბალი, მუშებს მისი საბარგო განყოფილებაში შეტანა უპრობლემოდ შეუძლიათ, რაც ნივთების დაცულობას უზრუნველყოფს. თუ ბორბლები არ მუშაობს, ჩემოდნის გადაგდება თითქმის გარდაუვალია, რაც დაზიანების რისკს ზრდის.

აეროპორტის თანამშრომლების თქმით, ყველაზე რთული დასატვირთი ჩემოდნები არის გაჭედილი ბორბლებიანი ჩემოდნები. „ვცდილობთ გავაგორაოთ, მაგრამ 15 სანტიმეტრის შემდეგ ისევ ეცემა,“ — აღნიშნა ერთ-ერთმა მუშაკმა.

ამიტომ, ექსპერტები გვირჩევენ, ინვესტიცია ჩადოთ ხარისხიან ჩემოდანში, რომელსაც ოთხი გამართული ბორბალი, რბილი შიდა საფარი და მყარი გარე გარსი ექნება.

ამასთან, მუშაკმა აღიარა, რომ წარწერა „ფრთხილად, მყიფეა“ ბარგს ნაკლებად იცავს და ზოგჯერ შეიძლება მუშაკებს უფრო უხეშად მოქცევისკენ უბიძგოს. „ზოგს გვაქვს ცდუნება, უფრო უხეშად მოვექცეთ, მაგრამ ამას არასდროს ვაკეთებთ. წარწერა „ფრთხილად, მყიფეა“ არაფერს ცვლის,“ — დასძინა მან.

საკუთარი რჩევები გააზიარა ასევე ბორტგამცილებელმა მეგან ომმაც, რომლის თქმითაც, უმჯობესია მუქი ფერის ჩემოდნის არჩევა, რათა მასზე დაზიანებები ნაკლებად იყოს შესამჩნევი. „თუ თქვენი ჩემოდანი თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში ხვდება, ის ძალიან სწრაფად იკაწრება. ეს მწარე გამოცდილებით ვისწავლე,“ — აღნიშნა ბორტგამცილებელმა.