მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გამოჩენამ ავიაციის სექტორს დიდი პრობლემები შეუქმნა. მგზავრთა ნაწილმა დაგეგმილ მოგზაურობაზე უარი თქვა და ავიაკომპანიებისგან ბილეთების საფასურის დაბრუნება მოითხოვა. მგზავრთა ნაწილი კი თანახმაა, ისეთი ბილეთებიც გააუქმოს, რომელიც საფასურის დაბრუნებას არ ითვალისწინებს.

ავიაკომპანიების მსგავსად რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ თავად მგზავრებიც, მათ ფრენის ეშინიათ, რადგანაც არ იციან რამდენად უსაფრთხოა ფრენა და რამდენად არიან დაცულნი ამ დროს COVID-19-სგან. 

აღნიშნული საკითხი დეტალურად შეისწავლა CNN Travel-მა და გაარკვია თუ როგორ მიმდინარეობს თვითმფრინავებში სადეზინფექციო სამუშაოები.

თვითმფრინავის დასუფთავების ტიპები

თვითმფრინავის დასუფთავების ტიპი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანში უწევს საჰაერო ხომალდს მორიგი რეისის განხორციელება. ანუ პროცესი დამოკიდებულია თვითმფრინავის გრაფიკზე – ამბობს დასუფთავების კომპანია JetWash Aero-ს მენეჯერი კრისტიან რუნი.

მაგალითად, თუ მოფრენასა და გაფრენას შორის დრო მცირეა, მაშინ ეკიპაჟის წევრები თვითმფრინავის სალონში იმ ნაგავს იღებენ, რაც მგზავრებმა დატოვეს. 

ძირითადად, თვითმფრინავის საფუძვლიანი წმენდა ხორციელდება ღამით, ან ისეთ შემთხვევაში თუ თვითმფრინავის მოფრენა/გაფრენას შორის შუალედი რამდენიმე საათია. ამ დროს იწმინდება ტუალეტი, სავარძლები, მაგიდები. ტარდება დეზინფექცია, რასაც საშუალოდ 1 საათი სჭირდება. 

რაც შეეხება ღრმა გაწმენდას, ის თვეში ან 6 კვირაში ერთხელ ხორციელდება. ეს არის ძალიან საფუძვლიანი წმენდა, რომელსაც რამდენიმე საათი სჭირდება. ღრმა წმენდისას ისეთი სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ ანტიბაქტერიულ დაცვას 10 დღემდე.

​ადამიანური ფაქტორი

ამასთან, როგორც ნებისმიერ საქმიანობაში, ახლაც ადამიანურ ფაქტორს მნიშვნელოვანი როლი აქვს. American Airlines-ის ბორტგამცილებელი სტეფანი ბირონი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხშირად სათანადო ხარისხით დასუფთავება არ ხდება. 

“ხანდახან შედიხარ სალონში და მალევე უკან გამოდიხარ, რათა აგენტს უთხრა, რომ ის საშინლად გამოიყურება და საჭიროა განმეორებითი დალაგება. ყოველ ჯერზე სიტუაცია განსხვავებულია. ზოგჯერ დილით შედიხართ და სალონი ღრმადაა გაწმენდილი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეუბნებიან”, ამბობს ბორტგამცილებელი.

საშიშია თუ არა თვითმფრინავის დაულაგებელი სალონი?

პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი უილიამ შაფნერი სკეპტიკურად უყურებს იმას, რომ ავიაკომპანიებს მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შეუძლიათ, რათა არ მოხდეს COVID-19-ის გავრცელება.

მისი თქმით, ხშირად ვირუსის გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ხდება და ამ შემთხვევაში თვითმფრინავის სალონის ზედაპირი პრობლემას არ წარმოადგენს.

“თუ კი ვირუსი ზედაპირზეა, ის არ ამოხტება და არ გიკბენთ. ჯერ თქვენ მას უნდა შეეხოთ და მერე შეეხოთ საკუთარ ცხვირს ან პირს”, აცხადებს უილიამ შაფნერი.

ამიტომაც, უილიამ შაფნერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სუფთა ხელები და მისი სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება ან ხშირი დაბანა.