2024 წელს საჰაერო გადამზიდავები რეკორდული რაოდენობის მგზავრებს მოემსახურნენ — 5.3 მილიარდი ადამიანი. ეს მაჩვენებლები თან ახლდა ლოგისტიკურ გამოწვევებს, მათ შორის ბარგის დამუშავების სისტემებთან დაკავშირებით.
თუმცა მოგზაურებისთვის კარგი ამბავიც არის. ავიატექნოლოგიური კომპანია SITA-ს ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ ბარგის დამუშავება არამხოლოდ ტექნოლოგიურ ტემპს მიჰყვება, არამედ სტაბილურად უმჯობესდება, წერს Euronews.
მგზავრთა რაოდენობის 8.2%-იანი ზრდის ფონზეც კი, არასწორად დამუშავებული ბარგის რაოდენობა 2024 წელს შემცირდა და 1000 მგზავრზე 6.3 შემთხვევა შეადგინა, რაც წინა წლის 6.9 შემთხვევასთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელია. ეს 2023 წელთან შედარებით 8.7%-ით გაუმჯობესებაა, ხოლო 2007 წელთან შედარებით — 67%-ით.
ექსპერტები ამბობენ, რომ მაჩვენებლების გაუმჯობესებაში ავტომატიზაციასა და მონაცემებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ — დაწყებული ბარგის თვითმომსახურებით ჩაბარებით, დასრულებული რეალურ დროში თვალის დევნებით.
შეცდომა — ძალიან ძვირი ჯდება
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს არასწორად 33.4 მილიონი ერთეული ბარგი დაამუშავეს. ჯგუფი ამას აღწერს როგორც „ნათელ სიგნალს იმისა, რომ რეალური პროგრესის მიუხედავად, სამუშაო ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან“.
თუმცა ფინანსური ზარალი კვლავ მნიშვნელოვანია: ბარგის არასწორი დამუშავება ავიაკომპანიებს წლიურად საშუალოდ 4.3 მილიარდი ევრო უჯდებათ.
SI TA-ს ანგარიშის მიხედვით, ავტომატიზაცია და რეალურ დროში მონაცემების გამოყენება ბარგის სამსახურის სწრაფად და ზუსტად დამუშავების გასაღებია. დღეს მოგზაურები თავიანთი მოგზაურობის დასაწყისშივე უფრო ხშირად იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც აეროპორტებში ბარგის დამუშავებას ემსახურება.
კონტაქტური თვითმომსახურებით ბარგის ჩაბარება და GPS-ის მეშვეობით თვალთვალის შესაძლებლობა პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გვხვდება. ამჟამად მგზავრების 42% რეალურ დროში იყენებს ბარგის თვალთვალს. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდება და 82%-ს მიაღწევს.
2024 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ინოვაცია იყო Apple-ის ფუნქციის — „გადააზიარე ნივთის მდებარეობა“ (Share Item Location) — ინტეგრაცია SITA-ს დაკარგული ან დაყოვნებული ბარგის თვალთვალის სისტემასთან, რაც საშუალებას აძლევს მგზავრებს, პირდაპირ გაუზიარონ AirTag-ისმდებარეობის ინფორმაცია ავიაკომპანიებს.
British Airways, Lufthansa, Qantas, Cathay Pacific და Virgin Atlantic იმ ავიაკომპანიებს შორის იყვნენ, ვინც პირველებმა დანერგეს ეს ფუნქცია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ინდუსტრიის ახალი სტანდარტების დანერგვა ბარგზე შეტყობინებების გაცვლისთვის, რაც მიზნად ისახავს ბარგის დამუშავების შეცდომების შემცირებას დამატებით 5%-ით — აქცენტის გადატანით არა მხოლოდ პრობლემებზე რეაგირებაზე, არამედ მათ წინასწარ პროგნოზირებასა და თავიდან არიდებაზე.
ევროპამ ეს მაჩვენებელი 12.3-მდე შეამცირა (2022 წლის 15.7-დან), ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონმა მსოფლიო ლიდერობა შეინარჩუნა — ბარგის არასწორი დამუშავების მხოლოდ 3.1 შემთხვევით 1000 მგზავრზე. თუმცა ეს მაინც ნიშნავს, რომ ევროპაში ბარგთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენის ალბათობა ორჯერ მაღალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში.
ტექნოლოგიური პროგრესის კიდევ ერთი შედეგი ის არის, რომ 33.4 მილიონი არასწორად დამუშავებული ბარგიდან 66%-ის მიწოდება განხორციელდა 48 საათში.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ბარგთან დაკავშირებული პრობლემების ალბათობა უფრო მაღალია, სწორედ ამ რეგიონმა აჩვენა საუკეთესო შედეგები ბარგის დაბრუნებაში 48 საათის განმავლობაში — 4.4 მილიონი ერთეული. მას მოსდევენ ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა 3.2 მილიონით, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა — მილიონზე მეტი ბარგით იგივე დროის ინტერვალში.
SITA-ს მონაცემებით, შემდგომი გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ისეთი სისტემების შექმნა, რომლებიც დააკავშირებს ყველა მონაწილეს — ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, სახმელეთო მომსახურების ჯგუფებსა და მგზავრებს — რეალურ დროში ინტელექტუალური მონაცემთა ნაკადების საშუალებით.












