ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანიამ Natilus, რომელიც სპეციალიზებულია ინოვაციური, „შერწყმული ფრთის“ (Blended-Wing Body – BWB) ტიპის თვითმფრინავების წარმოებაზე, ინდოეთის ბაზარზე შესვლის შესახებ განაცხადა. კომპანიამ მუმბაიში შვილობილი კომპანია, Natilus India დააფუძნა.
ბაზარზე შესვლის პარალელურად, Natilus-მა გააფორმა ხელშეკრულება ინდოეთის დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია SpiceJet-თან. შეთანხმების მიხედვით, ავიაკომპანია მზადაა შეიძინოს 100 ერთეული “Horizon” ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ხომალდი წარმატებით გაივლის სერტიფიცირების პროცესს (თვითმფრინავი ამჟამად განვითარების ფაზაშია).
Natilus-ის ფლაგმანი მოდელი, Horizon, გათვლილია 200-დან 240 მგზავრზე და მიზნად ისახავს ჩაანაცვლოს ტრადიციული ხომალდები, როგორიცაა Boeing 737 და Airbus A320.
მისი მთავარი უპირატესობა ე.წ. „შერწყმული ფრთის“ დიზაინია, რომელიც ფიუზელაჟსა და ფრთებს ერთიან ამწევ სხეულად აერთიანებს. კომპანიის მონაცემებით, ეს დიზაინი უზრუნველყოფს:
-
30%-ით ნაკლებ საწვავის მოხმარებას;
-
50%-ით დაბალ საოპერაციო ხარჯებს;
-
40%-ით მეტ შიდა მოცულობას (მგზავრებისა თუ ტვირთისთვის).
Natilus-ის მუმბაიში დაფუძნება პასუხობს ინდოეთის მთავრობის ინიციატივას — „Make in India“. კომპანია გეგმავს ინჟინერული სერვისებისა და კომპონენტების ადგილობრივად შესყიდვას, რითაც ინდურ წარმოებას თავის გლობალურ მომწოდებელთა ქსელში ჩართავს.
მიუხედავად დიდი ინტერესისა, “Horizon”-ის ექსპლუატაციაში შესვლა 2030-იანი წლების დასაწყისისთვისაა დაგეგმილი. SpiceJet-ისთვის, რომელიც ბოლო დროს ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა, ეს გრძელვადიანი ფსონია – ავიაკომპანია ცდილობს მომავალში დააზღვიოს თავი საწვავის მზარდი ფასებისგან.
თუ პროექტი წარმატებით დასრულდა, Natilus-ი გახდება პირველი, ვინც აზიის ბაზარზე BWB ტექნოლოგიას მასშტაბურად დანერგავს, სადაც 2040 წლისთვის 2,200-ზე მეტ ახალ თვითმფრინავზეა მოთხოვნა.












