საჰაერო მოძრაობის კონტროლერებმა ITA Airlines-ის თვითმფრინავთან დაკავშირება ათი წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს. გაინტერესებთ მიზეზი?
იტალიის წამყვანი სახელმწიფო ავიაკომპანიის კაპიტანი სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მას, სავარაუდოდ, შტურვალთან ჩაეძინა, რის გამოც საჰაერო მოძრაობის კონტროლერებს თვითმფრინავთან დაკავშირება ათი წუთის განმავლობაში არ შეეძლოთ.
როგორც იტალიური გაზეთი Repubblica იტყობინება, ავიაკომპანია ITA Airlines-ის ნიუ იორკი- რომის რეისზე Airbus 330-ის ორივე პილოტს ჩაეძინა.
მოხსენების თანახმად, მეორე პილოტს ეძინა “კონტროლირებადი დასვენებისათვის”, მაგრამ ამ დროს კაპიტანი ფხიზლად უნდა ყოფილიყო.
კომუნიკაციის შეწყვეტამ, რომელიც ათ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, სანამ თვითმფრინავი ავტოპილოტზე იმყოფებოდა, განგაში გამოიწვია: საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლება დაუკავშირდა იტალიელ კოლეგებს დილის 5:21 საათზე და გააფრთხილა, რომ შესაძლოა ტერორისტებმა თვითმფრინავი გაიტაცეს.
Twitter-ზე დეპუტატმა მიქელე ანზალდიმ ავიაკომპანიას ოფიციალური ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
”ის რაც მოხდა ITA-ს ფრენაზე ნიუ-იორკიდან, როდესაც ორივე პილოტს ჩაეძინა, ძალიან სერიოზულია,” – თქვა მან. “კომპანიას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს და ბოდიში მოუხადოს მგზავრებს.”
ITA Airlines-ის შიდა გამოძიებამ კაპიტნის გათავისუფლების საფუძველი დაადგინა, რომელიც თავად ჩაძინებას უარყოფს, თუმცა კავშირზე არ გასვლის და დუმილის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს.
ITA Airways, ადრე ცნობილი როგორც Alitalia, არის იტალიის ახალი სახელმწიფო ავიაკომპანია, რომლის რეორგანიზაცია განხორციელდა მთავრობის მიერ მას შემდეგ, რაც Alitalia-მ გასული წლის შემოდგომაზე ოფიციალურად გამოაცხადა გაკოტრება.