რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის მიზნით, მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა აღნიშნული უწყების სისტემაში შემავალი სატრანსპორტო სფეროს მარეგულირებელი სამსახურების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის სექტორის ამოქმედებისთვის მზადების პროცესი, მათ შორის, მგზავრთა მიღების, მომსახურების და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავების საკითხი.
„ჩვენ დღეს განვიხილეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ თითოეული სატრანსპორტო დარგი იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ კომფორტულად შეძლოს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხოელი სტუმრების გადაყვანა. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელთაც ვაწარმოებთ სხვადასხვა საავიაციო კომპანიასთან. 36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, 18 – თან უკვე წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული, რომ აღადგენენ ფრენებს. რა თქმა უნდა, ამას წინ უნდა უძღოდეს ჩვენი დიპლომატიური არხებით სახელმწიფოთა შორის შეთანხმებები უსაფრთხო დერეფნის ამოქმედების პრინციპებზე, მაგრამ, რაც მთავარია, ავიაკომპანიები მზად არიან პირველივე ინდიკაციის თანახმად, აღადგინონ ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, უწყებამ უკვე შეიმუშავა სახელმძღვანელო მასალა ავიასაწარმოებისთვის, რომელიც მოიცავს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მოთხოვნებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტექნიკური პროტოკოლი შემუშავებულია WHO-ს, IATA-ს და ECAC-ის სახელმძღვანელო ინსტრუქციების გათვალისწინებით და იგი მოიცავს ინსტრუქციებს მგზავრთა მომსახურების შემდეგი სამი ძირითადი ფაზის მიმართ: გამგზავრებისას – აეროპორტის გაფრენის ტერმინალში, მგზავრობისას – საჰაერო ხომალდის ბორტზე და მოფრენისას – აეროპორტის მოფრენის ტერმინალში. ამასთან, სააგენტო მზად არის გაითვალისწინოს მოთხოვნები და რეკომენდირებული პრაქტიკა, რომელზეც ამჟამად მუშაობს ICAO და ევროკომისია.