ავიაკომპანიისთვის ღვინის შერჩევა რთული მეცნიერებაა, რადგან მაღალ სიმაღლეზე, დაბალი წნევისა და მშრალი ჰაერის პირობებში, სასმელის გემო იცვლება. გამოცემა Islands-მა Reddit-ის დისკუსიებისა და ავიაციის ექსპერტების მონაცემების საფუძველზე გამოავლინა ხუთი გამორჩეული ავიახაზი, რომლებიც მგზავრებს საუკეთესო ღვინოებს სთავაზობენ.

რეიტინგის სათავეში Emirates მოხვდა, რომელმაც 2006 წლიდან მოყოლებული საკუთარ მარნებში უზარმაზარი ინვესტიცია ჩადო. მგზავრები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ ავიაკომპანიას კარგად აქვს გააზრებული კერძებისა და ღვინის შეხამების კულტურა. პირველი კლასის მგზავრებისთვის ხელმისაწვდომია ისეთი იშვიათი ეგზემპლარები, როგორიცაა 1982 წლის „Tawny Port“, ხოლო 2027 წლიდან კომპანია კიდევ უფრო ექსკლუზიური ვინტაჟური კოლექციის გახსნას გეგმავს.

იაპონური All Nippon Airways (ANA) მომხმარებელთა სიმპათიას ლეგენდარული შამპანურით, Krug-ით მოიპოვებს, რომელიც მათ მენიუში 1986 წლიდან ფიგურირებს. მგზავრები ხშირად ამბობენ, რომ ამ ავიაკომპანიას მხოლოდ ამ სასმელის გამო ირჩევენ. ამასთან, ეკონომ-კლასის მგზავრებსაც კი ეძლევათ საშუალება, ტრადიციული იაპონური საკე დააგემოვნონ.

Air France გამოირჩევა იმით, რომ მისი მენიუ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი სომელიეს, ქსავიე ტიუიზას მიერ არის შედგენილი. Reddit-ის მომხმარებლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ ბორტგამცილებლების ცოდნით, რომლებსაც დეტალურად შეუძლიათ საუბარი თითოეული ღვინის ტერუარსა თუ მინერალურობაზე. აღსანიშნავია, რომ Air France ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომელიც შამპანურს ეკონომ-კლასის მგზავრებსაც სთავაზობს.

Singapore Airlines ღვინის შერჩევის პროცესს განსაკუთრებული სიზუსტით უდგება. კომპანიის ექსპერტთა ჯგუფი წელიწადში ორჯერ ბრმა დეგუსტაციით 1000-მდე სახეობას აფასებს სპეციალურ წნევის ქვეშ მყოფ კაბინაში, რათა დადგინდეს, როგორ შეიცვლება სასმელის გემო ფრენისას. მათი სავიზიტო ბარათი Dom Perignon და Krug-ია, რომელთა შერჩევაშიც მგზავრებს სპეციალურად გადამზადებული „საჰაერო სომელიეები“ ეხმარებიან.

ხუთეულს აგვირგვინებს Austrian Airlines, რომელიც აქცენტს ლოკალურ პროდუქციაზე აკეთებს. მათი ბიზნეს-კლასის მენიუ თითქმის სრულად ავსტრიულ ღვინოებზეა ორიენტირებული. 2026 წლიდან კი კომპანია ყველა შორ მანძილზე მფრენ რეისზე სპეციალურ ექსპერტებს დაამატებს, რომლებიც მგზავრებს ავსტრიული მეღვინეობის ნიუანსებს გააცნობენ.