ბევრ ჩვენგანს გამოუცდია ტურბულენტობა მგზავრობისას, როდესაც თვითმფრინავი სხვადასხვა სისწრაფით მოძრავ ჰაერის მასებში ხვდება. ტურბულენტობაში შესაძლოა, ყველაზე სეზონურად მფრინავი ადამიანებიც მოხვდნენ და ეს ხუთ წუთს ან მეტხანსაც გაგრძელდეს. ჩვეულებრივ, ამას სერიოზული შედეგები არ მოჰყვება, თუმცა უარეს შემთხვევებში, შესაძლოა დაზიანება და დაშავებაც გამოიწვიოს.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, არაფატალურ შემთხვევებში, ტურბულენტობა არის ბორტგამცილებლებისა და მგზავრების დაშავების უმთავრესი მიზეზი. აშშ-ის ავიახაზებს ეს, დაშავების, რეისის გადადების და მიყენებული დაზიანების გამო წელიწადში დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარამდე უჯდებათ.
„არსებობს ტურბულენტობის სიმძლავრის საზომი ერთეულები. შესაძლოა, ტურბულენტობა იყოს მსუბუქი, როდესაც საკვების მიწოდების გაგრძელება ან თვითმფრინავის კაბინაში მოძრაობა შესაძლებელია. არსებობს მოდერირებული ტურბულენტობა, რომელიც ცალსახად მოითხოვს უსაფრთხოების ღვედის შეკვრას, ყველაფერი, რაც დაცული არ არის, ცვივა, ხოლო ბორტგამცილებლებს მოეთხოვებათ, დაიკავონ თავიანთი ადგილები. ტურბულენტობის ყველაზე უარესი იშვიათი ფორმები მიზიდულობაზე ძლიერია, იმდენად, რომ თუ სავარძელზე ზიხარ და უსაფრთხოების ღვედი შეკრული არ გაქვს, კაბინაში აქეთ-იქით მიგახეთქებს. ტურბულენტობის ეს სახე სერიოზულ დაზიანებებს იწვევს, მათ შორის, მაგალითად, შეიძლება იყოს ძვლების მოტეხილობაც“, – აცხადებს ატმოსფერული მეცნიერების პროფესორი პოლ უილიამსი.
აშშ-ში, ყოველწლიურად, მოდერირებულ ტურბულენტობაში 65 ათასამდე ხომალდი ხვდება, ხოლო დაახლოებით 5 500 – ძლიერ, იშვიათ ტურბულენტობაში. მეცნიერების შეფასებით, ტურბულენტობის მოდიფიკაციაზე კლიმატის ცვლილებები მოქმედებს.
პროფესორ უილიამსის ანალიზის თანახმად, 2050-2080 წლებისთვის გლობალურად გაიზრდება ტურბულენტობის რაოდენობა და განსაკუთრებით მოიმატებს ძლიერი ტურბულენტობა.
პროფესორის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ფრენები ნაკლებად უსაფრთხო გახდება, თუმცა, ტრანსატლანტიკურ ფრენებზე ტურბულენტობის საშუალო ხანგრძლივობა 10 წუთიდან 20 წუთამდე ან ნახევარ საათამდე გაიზრდება.
მთელი ფრენის განმავლობაში შეკრული უსაფრთხოების ღვედი ტურბულენტობის შედეგად დაშავების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. დაშავების რისკი გაცილებით მაღალია ბორტგამცილებლებისთვის და მათი დაზიანების შემთხვევების 80% სწორედ ტურბულენტობას უკავშირდება.