ავიამშენებელმა Airbus-მა უკანასკნელი ლაინერი-გიგანტი A380 გამოუშვა და ტულუზაში მდებარე საწარმოდან ჰამბურგში გაუშვა, სადაც საჰაერო ხომალდი დამკვეთს გადაეცემა. დამკვეთი კი ავიაკომპანია Emirates-ია.
ევროპულმა ავიამწარემოებელმა A380 წარმოების შეჩერება ჯერ კიდევ 2019 წლისთვის გადაწყვიტა, რაც დამკვეთების სიმცირიდან გამომდინარეობდა.
თავისი ზომების გამო, A380 ავიაკომპანიებს საშუალება აძლევდა პირველი კლასი საკმაოდ მდიდრულად მოეწყო, საკუთარი კაბინებით და კომფორტული მგზავრებისთვის საჭირო სხვა დანარჩენი ინფრასტრუქტურით.
ამან კი Airbus A380-თი მოგზაურობა საკმაოდ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახადა. თუმცა 4 ძრავის არსებობის გამო, გიგანტური ლაინერები ეფექტურობით 2-ძრავიან თვითმფრინავებს ჩამორჩნენ.
ამის შედეგად კი ბოლო წლებში ავიამშენებელს A380-ზე ახალი შეკვეთები აღარ ჰქონდა. უფრო მეტიც ავიაკომპანიებმა დაიწყეს ასეთი თვითმფრინავების ფლოტიდან ეტაპობრივი გაყვანა.
ამჟამად ავიაკომპანია Emirates-ი არის მსოფლიოში ყველაზე მეტი A380 ექსპლუატანტი. ავიაკომპანიამ წარმოებული გიგანტური ლაინერების თითქმის ნახევარი მიიღო.