ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კანონის დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სასტუმრო პარაგრაფ თბილისში გამართულიყო. აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 2024 წლის 26-28 სექტემბერს, თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო დედაქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროში, რომელიც დააკმაყოფილებდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მთავარ მოთხოვნებს. მხარეებს შორის მოლაპარაკების შედეგად, ასეთ სასტუმროდ შეირჩა პარაგრაფი თბილისი, რომელიც დედაქალაქში ამ დროისთვის ყველაზე მაღალი რანგის სასტუმროა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება ბოლო წლებში ჩატარდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა:
• 2013 მალდივის რესპუბლიკა
• 2014 მექსიკა
• 2015 ბურკინა ფასო
• 2016 ტაილანდი
• 2017 კატარი
• 2018 უნგრეთი
• 2019 ინდოეთი
• 2021 კოტ დივუარი
• 2022 ინდონეზია
• 2023 საუდის არაბეთი
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება რეგიონში პირველად ჩატარდა, ეს ღონისძიება განსაკუთრებით დიდი მოვლენაა ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში.
2023 წლის გაზაფხულზე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიაზე, 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას, 2024 წელს, საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის გამართვასთან დაკავშირებით.
ტურიზმის დღის ღონისძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული ცნობადობის გაზრდის მიზნით. ასეთი მასშტაბური ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარებით, ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, მთელ მსოფლიოს გააცნოს მისი სამშობლო საუკეთესო კუთხით. შესაბამისად, ქართული მხარის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა, საქართველოს, როგორც უნიკალურ მიმართულების, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების მაღალ დონეზე წარმოჩენა.
ვინაიდან საქართველოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სტუმრობდა არაერთი მაღალი რანგის სტუმარი, მინისტრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად შეირჩა სასტუმრო, რომელიც დააკმაყოფილებდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მთავარ მოთხოვნებს.
ასეთი მაღალი რანგის ღონისძიების გამართვისა და სტუმრების მასპინძლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მასპინძელი სასტუმრო ყოფილიყო მაღალი დონის, გამორჩეული მაღალი ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით.
მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის მოთხოვნა იყო ძირითად საკონფერენციო დარბაზთან ერთად, ერთ სივრცეში განთავსებულიყო სხვადასხვა შეხვედრისა და სამუშაო ოთახი სხვადასხვა ფუნქციით, როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთვის, ასევე საერთაშორისო მედიისთვის, მაღალი დონის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის. 26-28 სექტემბერში, თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განიხილა თბილისის ცენტრში მდებარე რამდენიმე სასტუმრო. შესწავლის შედეგად, ერთობლივად არჩევანი გაკეთდა სასტუმრო პარაგრაფ თბილისზე, რომელიც აკმაყოფილებდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოთხოვნებს, მოცემულ ფორმატში ღონისძიების გასამართად.
ასევე საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ პირველადი ხელშეკრულება სასტუმრო პარაგრაფ თბილისთან, რომელიც განსაზღვრული იყო 250 ათასი ლარით, დაკორექტირდა და ფაქტობრივი ხარჯი დაახლოებით 100 ათასი ლარით შემცირდა“, – განმარტებულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.