ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებას მოუწოდა, ჩამოაგდონ დრონები, რომლებიც ევროპის აეროპორტებში ფრენებს ხელს უშლიან და საავიაციო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.
გავლენიან გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში, ო’ლირიმ ევროპულ აეროპორტებში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების ფონზე მკვეთრი კითხვა დასვა: „რატომ არ ჩამოგვაქვს ეს დრონები?“
Ryanair-ის ხელმძღვანელი კონკრეტულ მაგალითებს იხსენებს:
„სამი კვირის წინ ჩვენი სამუშაო შეფერხდა, როდესაც დრონები პოლონეთში შეფრინდნენ და პოლონეთის აეროპორტები ოთხი საათით დაიხურა“.
„გასულ კვირას დანიაში აეროპორტები თითქმის ორი საათით იყო დახურული“.
ო’ლირი დარწმუნებულია, რომ ანალოგიურად უნდა მოხდეს დრონების განეიტრალება, მათ შორის, მისი აზრით, „რუსული გამანადგურებლის მიმართაც, რომელმაც ნატოს საჰაერო სივრცე დაარღვია“.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელი თვლის, რომ „დრონის კედლის“ კონცეფცია, როგორც შემოთავაზებული გადაწყვეტილება, არაეფექტურია, რადგან „არ მჯერა, რომ რუსებს არ შეუძლიათ დრონის გაშვება, მაგალითად, პოლონეთში ყოფნისას“.
ო’ლირიმ სკეპტიციზმი გამოხატა ევროპელი ლიდერების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კოპენჰაგენში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების არაფორმალურ სამიტზე, სადაც ევროპული თავდაცვის გაძლიერება განიხილებოდა, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადასვლა. შეხვედრის შემდეგ არავითარი განცხადება არ გაკეთებულა.
„მე არ მაქვს ნდობა ევროპელი ლიდერების მიმართ, რომლებიც მხოლოდ ჩაის სვამენ და ორცხობილებს მიირთმევენ“, — აცხადებს ო’ლირი და დასძენს: „თუ ვერ უზრუნველყოფთ საფრანგეთის თავზე მფრინავი თვითმფრინავების დაცვას, რა შანსი გვაქვს, რომ რუსეთისგან დაგვიცვათ?“
Ryanair-ის დირექტორმა უნდობლობა გამოუცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელსაც. „არ მაქვს ნდობა [ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა] ფონ დერ ლაიენის მიმართაც. ის უსარგებლოა და უნდა გადადგეს“, — განაცხადა მაიკლ ო’ლირიმ.












