სასტუმროში დაბინავებისას ბევრი მოგზაური ჩანთას პირდაპირ იატაკზე დებს, თუმცა ტურიზმის კონსულტანტები გვაფრთხილებენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. გამოცემა Travel + Leisure-ის სტატიაში ექსპერტები განმარტავენ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა.
1. დაუპატიჟებელი „სტუმრები“
მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩანთა იატაკზე არ უნდა გააჩეროთ, მავნებლები, განსაკუთრებით კი ბაღლინჯოები (Bed bugs) არიან. ისინი შესანიშნავი „მოგზაურები“ არიან — ადვილად ძვრებიან ჩემოდანში, ტანსაცმელსა და პირად ნივთებში, რის შემდეგაც თქვენ ისინი საკუთარ სახლში მიგჰყავთ. მათი მოშორება კი უკიდურესად რთული და ძვირადღირებული პროცესია.
ექსპერტი ლადელ კარტერი იხსენებს შემთხვევას იამაიკიდან, როდესაც იატაკზე დატოვებულ ჩემოდანში პატარა ხვლიკები შეუძვრნენ და ისე ჩამოჰყვნენ სახლში.
2. ანტისანიტარია
მიუხედავად რეგულარული დასუფთავებისა, სასტუმროს იატაკი (განსაკუთრებით ხალიჩები) ბაქტერიებისა და ჭუჭყის ბუდეა. იატაკზე ხვდება წინა სტუმრების ფეხსაცმლის კვალი, სხვადასხვა სითხეები და დასუფთავებისას გამოყენებული ქიმიკატები.
სად შევინახოთ ბარგი?
ექსპერტები გვირჩევენ რამდენიმე უსაფრთხო ალტერნატივას:
ბარგის სადგამი (Luggage Rack) – გამოიყენეთ სპეციალური სადგამი, რათა ჩანთა მყარ და შემაღლებულ ზედაპირზე იყოს.
კარადა – ჩამოკიდეთ ტანსაცმელი კარადაში, ხოლო ცარიელი ჩემოდანი იქვე, თაროზე შეინახეთ.
სააბაზანო – ბევრი ექსპერტი გვირჩევს, რომ ოთახის შემოწმებამდე ბარგი აბაზანაში დავტოვოთ, რადგან ფილებზე ბაღლინჯოების ყოფნის შანსი მინიმალურია.
„მოგზაურობა უნდა იყოს სიამოვნების და აღმოჩენების დრო. ბარგის იატაკიდან აღებით თქვენ თავს დაიზღვევთ ზედმეტი საზრუნავისგან, ნივთებს კი სუფთასა და ორგანიზებულს შეინარჩუნებთ“, — აღნიშნავს ექსპერტი კელი ტოლიდეი.












