აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში მკაფიოდ დაისვა კითხვა, რომელიც დიდი ხანია ყველას აინტერესებდა. ამრიგად, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში უცხოური ავიაკომპანიები არ შედიან, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, საკანონმდებლო ორგანოს ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის სხდომაზე „ავიაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის განხილვისას ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ რაჰმან გუმბათოვმა აღნიშნა, რომ რეგიონში აეროპორტების განვითარების მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის გაბალასა და ზანგილანში.
„სათითაოდ ჩვენ ვუგზავნით მოწვევებს ყველა მთავარ ავიაკომპანიას. ჩვენ არ ველოდებით კომპანიების მოსვლას აზერბაიჯანში, ჩვენ თვითონ ვიწყებთ მათთან მოლაპარაკებებს ფრენებთან დაკავშირებული პირობების შესაქმნელად.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ არის დაინტერესებული ჩვენს ქვეყანაში შემოსვლით, ეს პირველ რიგში ტურისტული ნაკადით არის განპირობებული.
მსოფლიოს ყველა ავიაკომპანია, მათ შორის AZAL-ი, ახალი რეისის გახსნამდე სპეციალური სისტემის მეშვეობით ორ წერტილს შორის მგზავრთნაკადს აკვირდება. თუ მოთხოვნა არ არის, ასეთი მიმართულებით ფრენები არ არის მომგებიანი. ამის კიდევ ერთი მიზეზი ქვეყნების სავიზო რეჟიმს უკავშირდება. თუ ორმხრივი უვიზო რეჟიმი იქნება, მგზავრთა მატებაც მნიშვნელოვანი იქნება, რაც თავის მხრივ ფასებზე აისახება. დღეს ჩვენ ვიწვევთ უცხოურ ავიაკომპანიებს, მათ შორის დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, რათა აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჰქონდეთ სხვადასხვა ვარიანტები, ყოველ შემთხვევაში, ფასისა და მომსახურების დონის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.