ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-პარიზის და პარიზი-ქუთაისის რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

“გვინდა გამოვხატოთ გულწრფელი მწუხარება დღევანდელი შემთხვევის გამო. ავიაკომპანია Wizz Air-თვის მგზავრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენმა კოლეგებმა ყველაფერი სცადეს მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად, სანამ საქმეში პროფესიონალი ექიმები ჩაერთვებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ასევე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ მგზავრებს, რომელთა მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა. ქუთაისი-პარიზის რეისის განხორციელების დროს მომხდარი ტრაგიკული ინცინდენტის გამო, დღეს დაგეგმილი ფრენები ქუთაისი-პარიზი და პარიზი-ქუთაისი გაუქმებულია. გვესმის, თუ რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ისინი და ყველანაირად ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ვარიანტები მოგზაურობისთვის – იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის ანგარიშზე 120%-ის ანაზღაურება.

პარიზის ბოვეს აეროპორტში მყოფი მგზავრებისთვის შეთავაზებულია რამდენიმე ალტერნატივა, რომელიც ითვალისწინებს მათ გადაყვანას პარიზის ორლის აეროპორტში, ფრენას ბუდაპეშტის მიმართულებით, ხვალ კი გამოფრენას ბუდაპეშტიდან ქუთაისის მიმართულებით. მეორე ალტერნატივა გახლავთ მათი გადაყვანა ვარშავის აეროპორტში და ორშაბათის რეისზე განთავსება. რამდენიმე მგზავრმა უკვე მიიღო ბილეთის დაბრუნებისა და თანხის გამოყენების გადაწყვეტილება, ხოლო ნაწილმა უკვე გადაცვალა ბილეთები მომდევნო კვირის რეისზე.

საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ხელახლა დაჯავშნილი ფრენით მომხმარებლები მომდევნო დღეს სარგებლობენ, უზრუნველყოფილი არიან სასტუმროში განთავსებითა და სახმელეთო ტრანსპორტირებით სასტუმრომდე/სასტუმროდან, ან მათ მიერ გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს ავიაკომპანია შესაბამის გონივრულ ბიუჯეტში“, აცხადებენ ავიაკომპანიაში.

სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდის ხშირად დასმული კითხვების განყოფილებას, სადაც მიიღებთ ინფორმაციას კომპენსაციის, სასტუმროსა თუ ტრანსპორტირების ანაზღაურებასთან დაკავშირებით: https://wizzair.com/en-gb/information-and-services/flight-status/delay-and-cancellation ან გამოიყენოთ Amelia, WIZZ ვირტუალური ასისტენტი, ოფიციალური გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე სიმბოლოზე დაწკაპუნებით.

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი  27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანია” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.

Wizz Air-ის მგზავრი, ვის გამოც თვითმფრინავი ქუთასში დაბრუნდა, გარდაიცვალა