2025 წლიდან საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყება. დოკუმენტს ხელი ლონდონში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და BRITISH AIRWAYS-ის ავიაქსელის სტრატეგიული დაგეგმარების ოფიცერმა, ნილ ჩერნოფმა მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, ავიაკომპანიის წარმომადგენლები და ბრიტანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია.
,,ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დავასრულეთ. შედეგად, ერთმანეთს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან. ეს იყო ხანგრძლივი და რთული ერთობლივი მუშაობის შედეგი. ფრენები განხორციელდება თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან, რომელიც დღემდე ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება.
სწორედ, დამატებით სირთულეს ესეც ქმნიდა, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად, ჰითროუდან ფრენის შესაძლებლობის მოპოვება შეუძლებელია.
მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ბრიტანეთის ფლაგმანის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება და ლონდონი-თბილისის ერთმანეთთან პირდაპირი ფრენით დაკავშირება, რაც უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.
წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს და რა თქმა უნდა, მიღწეულ შედეგზე არ ვჩერდებით,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
‘’British Airways”-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.