The Daily Mail-ის ცნობით, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ფეხზე მდგომი ადგილების დანერგვა 2026 წლიდან შეუძლიათ. ეს არის კონცეფცია, რომელიც იტალიურმა კომპანია Avionteriors-მა 2018 წელს ჰამბურგში, Aircraft Interiors Expo-ზე Skyrider 2.0-ის სახელით წარადგინა.

სავარძელი ველოსიპედის საჯდომს წააგავს და იატაკსა და ჭერზეა მიმაგრებული. ის მგზავრს საშუალებას აძლევს, კუთხით დაჯდეს სრულად დაჯდომის გარეშე. ამ ტიპის სავარძელი აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს და გავლილი აქვს ყველა მარეგულირებელი ტესტი, თუმცა განკუთვნილია ორ საათამდე ხანგრძლივობის მოკლე ფრენებისთვის. ინოვაციური დიზაინი, დეველოპერების თქმით, თვითმფრინავში მგზავრებისთვის განკუთვნილი სივრცის 20%-ს ზოგავს.

Aviointeriors ასევე აღნიშნავს, რომ Skyrider 2.0 სტანდარტულ ეკონომ კლასის სავარძელთან შედარებით 50%-ით ნაკლებს იწონის და შეიცავს ნაკლებ კომპონენტს, რომლებიც „მინიმალურ მოვლას“ საჭიროებენ, რაც ფრენის ხარჯებს ამცირებს.

Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, უკვე განაცხადა, რომ ფეხზე დგომის ადგილის ბილეთები შესაძლოა 1-დან 5 ფუნტამდე ღირდეს.

თუმცა, დაბალფასიანი ავიაბილეთების უჩვეულო კონცეფციას ავიაინდუსტრიის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა ტურბულენტობის ან საგანგებო სიტუაციების დროს კომფორტისა და უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების გამო.