ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 2023 ფისკალურ წელს, თითო მგზავრზე ცალმხრივ ფრენაზე, საშუალოდ 76,3 ევრო გამოიმუშავა.
კომპანიის ფინანსური ანგარიშგება 8 ივნისს გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პირდაპირი ბილეთი საშუალოდ 39,7 ევრო ღირდა, დამატებითი მომსახურება კი 36,6 ევრო.
Wizz Air-ის მთლიანმა შემოსავალმა 2023 ფისკალურ წელს 3,9 მილიარდი ევრო შეადგინა, საიდანაც მგზავრებმა 2,03 მილიარდი ევრო ბილეთებისთვის გადაიხადეს და 1,87 მილიარდი ევრო კი დამატებითი სერვისებისთვის. მათ შორისაა პრიორიტეტული ჩასხდომა, ადგილების შერჩევა და ბარგი.
მიუხედავად ასეთი მაჩვენებლებისა, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ მოგება ვერ მიიღო. Wizz Air-მა 2023 ფისკალურ წელს 466,8 მილიონი ევროს საოპერაციო ზარალი და 535,1 მილიონი ევროს ზარალი დააფიქსირა.
„რადგანაც ჩვენ წინ ვიყურებით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი მიმდინარე ფინანსური წლის მიმართ. ჩვენი ფოკუსი კეთდება ფისკალურ 2024 წელს მოგების დაბრუნებაზე. ეს გამოწვეული იქნება დაბალი ხარჯებით, ოპერაციული სრულყოფილებით, მათ შორის თვითმფრინავების მაღალი ათვისებით, გაუმჯობესებული პროდუქტიულობით და შესრულებული ფრენების პროპორციის ზრდით, რომლებიც არ გაუქმებულა“, – განაცხადა Wizz Air-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ვარადიმ.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თავის ანგარიშში პროგნოზირებს, რომ 2024 ფინანსურ წელს 350-450 მილიონი ევროს მოგების მიღებას შეძლებს.
Wizz Air იყენებს არაკალენდარულ აღრიცხვას წლიური ანგარიშებისთვის. ავიაკომპანიის ფინანსური წელი იწყება ერთი წლის 1 აპრილს და მთავრდება მომდევნო წლის 31 მარტს. ამრიგად, 2023 ფისკალური წელი არის პერიოდი 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 31 მარტამდე.