“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. კომპანიის აქტივებში საქართველოს ხუთივე აეროპორტი შედის, რომელთაგან “აეროპორტების გაერთიანება” მხოლოდ ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს მართავს.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქვეყანაში ახალი ავიაკომპანიების ოპერირების მხარდაჭერის მიზნით, მათ სპეციალურ “მარკეტინგულ დაფინანსებას” აძლევს. 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიებს, ჯამში – 11,145,000 ლარი, 2017-ში – 7,187,000 ლარი, 2016 წელს კი – 3,157,000 ლარი გადაუხადა.
სახელმწიფოები ავიაკომპანიების დაფინანსებისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ, მათ შორისაა მარკეტინგული დაფინანსება, რომელიც აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ დანიშნულების ქვეყანაში არსებული ფრენების რეკლამირებას ხმარდება. მსგავსი “წახალისების” ფორმას სხვა ქვეყნებიც მიმართავენ და კერძო კომპანიებს ფრენების განხორციელებისთვის თანხას საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ურიცხავენ.
თავად აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიებისთვის 11 მილიონი ლარის დაფინანსების გამოყოფას ასე განმარტავს:
“მიმართულებების, მარკეტინგისა და განვითარების ხარჯებში შედის წამახალისებელი საფასურები ავიაკომპანიებისათვის, რომელიც განსაზღვრულია კომპანიის მიერ დადგენილ არაექსკლუზიურ წამახალისებელ პაკეტებში და ორიენტირებულია ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში მიმართულების, სიხშირისა ან/და მგზავრდა ნაკადის გაზრდაზე ავიაკომპანიების მიერ მიმართულების მარკეტინგსა და განვითარებაზე ჩატარებული სამუშაოების ასანაზღაურებლად. კომპანია ყოველთვიურ წამახალისებელ თანხას იხდის ავიაკომპანიის შედეგების მიხედვით (მაგალითად, ახალი მარშრუტები, მგზავრების რაოდენობა დროის მონაკვეთში, სიხშირეები დროის მონაკვეთში, ა.შ.), რაც არსებითად წამახალისებელი პაკეტის მოთხოვნასთანაა კავშირში”, – ნათქვამია ანგარიშგებაში.
ცნობისთვის: 2019 წლის 9 თვის მდგომარეობით, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზარზე პირველ ადგილზე Wizz Air-ი იმყოფება. ავიაკომპანია მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს და მან 2019 წლის სამ კვარტალში 592,988 მგზავრი გადაიყვანა. ეს მთლიანად ავიაბაზრის 15%-ს შეადგენს.
თავად აეროპორტების გაერთიანება შემოსავალს ძირითადად აეროპორტის მართვის მოსაკრებლიდან იღებს. 2018 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 16.9%-ით გაიზარდა და 64.16 მილიონი ლარი შეადგინა.
წყარო: BM.ge