“Rallye Aéro France”-ის საავიაციო ტურისტული რალის მონაწილეებისათვის ნატახტარის აეროდრომზე მიღება გაიმართა / Reception of “Rallye Aéro France” pilots at Natakhtari Airfield
“Rallye Aéro France”-ის საავიაციო ტურისტული რალის მონაწილეებისათვის და მოწვეული სტუმრებისათვის 24 ივნისს, ნატახტარის აეროდრომის ტერიტორიაზე მიღება გაიმართა. ღონისძიებას ავიაკომპანია „Service Air“-მა და ტურისტული კომპანია “Vanilla Sky Georgia”-მ უმასპინძლა. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოში რალის გამართვის ორგანიზებაში ჩართული და ღონისძიების მხარდამჭერი სახელმწიფო და კერძო უწყებები.
მიღებაზე სიტყვით ნატახტარის აეროდრომის ოპერატორი კომპანიის, ავიაკომპანია „Service Air“-ის და “Vanilla Sky Georgia”-ს დამფუძნებელი ამირან მანჯავიძე, “Rallye Aéro France”-ის ორგანიზატორი ჟან მიშელ კოლინიუ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია და სხვა მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ევროპულ საავიაციო რალიში საქართველოს ჩართვა წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას, ავიაციის პოპულარიზაციის, ასევე ადგილობრივი ტურისტული და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართ უცხოელი ტურისტებისა და მოგზაურების დაინტერესების კუთხით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია: „მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს – ავიაკომპანია „სერვის ეარს“, რომელიც ამავე დროს არის ნატახტარის აეროდრომის ოპერატორი კომპანია და ტურისტულ კომპანია „ვანილა სქაის“. თამამად შეიძლება ითქვას, ამ ხალხმა, ბატონი ამირან მანჯავიძის ხელმღვანელობით საავიაციო დარგის პოპულარიზაციისთვის მეტად მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი. 2017 წელს ნატახტარის აეროდრომზე სანახაობრივი ავიაშოუ გაიმართა, ხოლო 2016 წელს, ზემოთ აღნიშნული კომპანიების ორგანიზებით, საქართველომ ჰანს გუთმანის სახელობის ევროპულ საავიაციო ტურისტული რალის უმასპინძლა. ასეთი ღონისძიებები ემსახურება საერთო დანიშნულების ავიაციის განვითარებას ქვეყანაში, ავიაციის ცნობადობის გაზრდას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში, სწორედ ასეთი ღონისძიებები იწვევს ბავშვების და ახალგაზრდების დაინტერესებას სფეროსადმი, ამასთან სტუმრები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ და ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, მყარდება საინტერესო პროფესიული კავშირები. ევროკავშირში მოქმედი საავიაციო კლუბები და ფედერაციები – არის სწორედ ის მოდელი, რომლის დანერგვასაც ჩვენ ვგეგმავთ და აქტიურად ვიწყებთ ამ გამოცდილების შესწავლას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გეგმავს შეიმუშაოს გამარტივებული სტანდარტები საერთო და სპეციალიზირებული დანიშნულების ავიაციისთვის, რათა მოხდეს ამ მიმართულების განვითარება და ამავე დროს არსებობდეს ისეთი რეგულაციები რომელთა მეშვეობითაც მოხდება ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალური დაცვა. მინდა ვისურვო რომ შემდგომ წლებში მეტი მოყვარული ვნახოთ ამ და საქართველოს სხვა აეროდრომებზე მოწყობილ ავიაშოუებზე, რალიზე, გამოფენაზე და ა.შ. ვისურვებდი, რომ სხვა ავიასაწარმოებიც აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომავალშიც გააგრძელებს ამგვარი ღონისძიებების მხარდაჭერას, იქნება ეს ნებართვები გაცემა, საჰაერო სივრცის გამოყოფა, უსაფრთხოდ გამოყენება, კონსულტაციები ტექნიკურ თუ პროცედურულ საკითხებზე.“
ავიაკომპანია „სერვისეარის“ და ტურისტული კომპანია “Vanilla Sky”-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ “Rallye Aéro France”-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის მასპინძლობს. ევროპულმა რალიმ 16 ივნისს საფრანგეთში აიღო სტარტი. დადგენილი განრიგით, სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის და თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენის შემდეგ, 23 ივნისს, 18 ერთეული მცირე ზომის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. საჰაერო ხომალდების მფლობელები, პილოტები და მათი თანმხლები ტურისტები საქართველოში ერთ კვირას დაჰყოფენ და ტურისტული კომპანია “Vanilla Sky”-ის მიერ დაგეგმილი ტურის მიხედვით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ. რალი მხარდამჭერი უწყებებია: აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და “საქაერონავიგაცია”.