ლატვიურმა Raf-Avia Airlines-მა საქართველოს ავიაბაზარზე ერთჯერადი ჩარტერული რეისებით ოპერირება დაიწყო. საქართველოში RAF-Avia-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Aero Georgia Group-მა ორგანიზება უკვე გაუკეთა პირველ ჩარტერულ ფრენას და საფეხბურთო კლუბი გორის დილა სლოვაკეტში ჩაიყვანა, სადაც ქართული გუნდი სლოვაკურ კლუბ ჟილინას 8 ივლისს დაუპირისპირდება.
ფეხბურთელები დღეს Raf-Avia Airlines-ს ჩარტერული რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან (TBS) გაემგზავრნენ.
როგორც Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური განმარტავს, Aero Georgia Group-სა და Raf-Avia Airlines-ს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ავიაკომპანიის მინიმუმ 1 საჰაერო ხომალდი საქართველოში იყოს ბაზირებული.
ლატვიური ავიაკომპანია, რომელიც სამგზავრო და საჰაერო ტვირთების გადაზიდვის სეგმენტში ოპერირებს, საქართველოში ორივე მიმართულებით გააქტიურებას აპირებს.
იგორ აფციაურის განმარტებით, უკვე მომზადების პროცესშია Raf-Avia Airlines-ის სხვა ჩარტერული რეისები. იმავდროულად ბაზირებული თვითმფრინავით ავიაკომპანია ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განიხილავს ფრენების შესრულებას, რათა ჩარტერული რეისებით აჭარაში ტურისტების ჩაყვანა უზრუნველყოს. Raf-Avia Airlines-ი ფრენებს განახორციელებს ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.
RAF-Avia ეს არის ლატვიური ავიაკომპანია, რომელიც რიგის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. RAF-Avia ემსახურება ისეთი მსხვილი კომპანიების ტვირთებს, როგორებიცაა TNT, DHL და სხვა. RAF-Avia ახორციელებს ასევე ჩარტერულ სამგზავრო გადაყვანებს.