ალაჩათი ძველი ბერძნული ქალაქია თურქეთის ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, იზმირთან ახლოს და ბევრ საინტერესო სანახაობას გთავაზობთ. მისი ისტორიული ცენტრი სავსეა ლამაზი ვილებით და ვიწრო, კაფეებიანი ქუჩებით. მოგხიბლავთ ალაჩათის სანაპირო და სერფინგის შესაძლებლობებიც.

დაათვალიერეთ ძველი ქალაქი

წყნარი, ქვაფენილიანი ქუჩები მოსანახულებლადაც ლამაზია და ფოტოების გადასაღებადაც. ძველი ქვის სახლები პასტელური შეფერილობის კარებებით სულ ყვავილებითაა მორთული. აქ სეირნობისას ბევრი მყუდრო კაფე და მაღაზია შეგხვდებათ. ვინც საბერძნეთის კურორტ სანტორინიზეა ნამყოფი, ალაჩათში მოხვედრისას დიდ მსგავსებას ამჩნევენ.

მოინახულეთ ქარის წისქვილები

ალაჩათის ყველაზე ისტორიული ღირსშესანიშნაობა, მისი ქვის წისქვილებია. 4 მათგანი ქალაქის ცენტრის უმაღლეს წერტილში დგას. ისინი 1850 წელს ააგეს და დღემდე ალაჩათის სიმბოლოებს წარმოადგენენ. ეგეოსის სანაპირო ქარიანი ადგილია, ამიტომაც ქარის წისქვილები აქ ბუნებრივი მოვლენაა. გაისეირნეთ ალაჩათის პარკში და დატკბით ხედებით ქალაქზე.

მიირთვით ლანჩი რომელიმე მომხიბვლელ კაფეში

კაფეების არჩევანი აქ საკმაოდ დიდი დაგხვდებათ. ესტუმრეთ რომელიმეს ავთენტური ეგეოსური სამზარეულოს დასაგემოვნებლად. კერძები გაჯერებულია ზეთისხილით, პომიდვრით, ბადრიჯნითა და მარცვლეულით. დააგემოვნეთ აქაური ნაყინიც სახელად – დონდურმა.

ესტუმრეთ სანაპიროებს

ალაჩათის მთავარი ღირსება, სანაპიროებთან სიახლოვეა. აქ რამდენიმე თეთრ ქვიშიანი სანაპიროა, სადაც მთელ დღეს სასიამოვნოდ გაატარებთ. ყველაზე პოპულარულებია:Delikli Koyu, Spiaggia Grande, Ilica Beach და Wyndy Beach. Ilica Beach-ზე, ქალაქის ძველი ნაწილიდან მინი ავტობუსით (დოლმუსები) 30 წუთში მოხვდებით. ისინი ყოველ 10 წუთში დადიან.

დაკავდით სერფინგით

ალაჩათი სერფინგისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესი მიმართულებაა. ყოველწლიურად ალაჩათის სანაპიროს ათასობით სერფერი სტუმრობს. დამწყებიც რომ იყოთ, აქ ამ სპორტით ძალიან ისიამოვნებთ. საუკეთესო პერიოდი – მაისიდან ოქტომბრამდეა.

ეწვიეთ ჩეშმეს ციხესიმაგრეს

Cesme Castle – ისტორიული, მე-16 საუკუნის ციხესიმაგრეა, რომელიც ოტომანებმა ააგეს. დღეს ის პოპულარული ღირსშესანიშნაობაა და მუზეუმს წარმოადგენს, სადაც ადგილობრივ ისტორიას და კულტურას გაეცნობით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქ მოსახვედრად 40 წთ დაგჭირდებათ.

შეიძინეთ სუვენირები

დაუთმეთ დღე თურქულ ნაწარმზე ვაჭრობას. ალაჩათის ქუჩაზე სუვენირების ბევრ დახლს შეამჩნევთ. აქ ყველაფერი იყიდება: კერამიკა, ინტერიერის დეკორაციები, ხელნაკეთი საპნები, მცენარეული საშუალებები და აშ. შაბათ დღეს იმართება ალაჩათის ბაზრობა, სადაც ხილ-ბოსტნეულს და ქსოვილებს შეიძენთ. ის ქალაქის ცენტრში იწყება და ვიწრო ქუჩებში გრძელდება.