ავიაციაში თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეკიპაჟის წევრები აფრენისა და დაფრენისას ყოველთვის გვთხოვენ რამდენიმე მარტივი წესის დაცვას, რაც პირველ რიგში უსაფრთხოებას ემსახურება.
Georgian Airways-მა გზამკვლევი გამოაქვეყნა.
“აფრენისა და დაფრენის დროს, უსაფრთხოების ღვედის შეკვრა სავალდებულოა, ასევე სასურველია ღვედი შეკრული გქონდეთ მთელი ფრენის განმავლობაში. ტურბულენტობისა ან ავარიული სიტუაციის დროს ღვედი გიცავთ ტრავმისგან, მაგალითად, წინა სავარძელთან შეჯახებისა ან სავარძლიდან გადმოვარდნისგან.
დაფრენის დროს, ილუმინატორები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში, რათა მგზავრმა შეძლოს ადაპტირება გარეთ არსებულ სინათლესა ან სიბნელესთან და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად იმოქმედოს. ღამის ფრენის დროს, თვითმფრინავის სალონში შუქის ჩაქრობაც სწორედ ამ მიზეზით ხდება – მგზავრისთვის გარემოს აღქმადობის გამარტივებისათვის.
აფრენა-დაფრენის დროს, სავარძელი უნდა იყოს სწორ მდგომარეობაში, ხოლო მაგიდა აკეცილი, რაც ავარიული სიტუაციის შემთხვევაში, თავისუფალ სივრცეს ტოვებს როგორც თქვენთვის, ისე თქვენს გვერდით მყოფი მგზავრისთვის, რათა ბორტის სწრაფად და უსაფრთხოდ დატოვების პროცესი არ შეფერხდეს.
თითოეული წესი ფორმალობა არ არის – ეს თქვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია!” – ნათქვამია ავიაკომპანიის ოფიციალურ FB-გვერდზე.












