თუ რა ტიპის პროტოკოლი ამოქმედდება აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის თუ ფრენების დროს, ამაზე გარკვეული რეკომენდაციები მაისის შუა რიცხვებისთვის იქნება შემუშავებული.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე განმარტავს, რომ ამ დროისათვის ცნობილია ის, რომ სამომავლოდ აეროპორტებში სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე სავალდებულოა ჩამოსული მგზავრების თერმოსქრინინგი. არჩუაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ აეროპორტში, გამფრენი მგზავრის თერმოსქრინინგიც სავალდებულო გახდეს.
“შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ავიაციას ახალ რეალობაში ცხოვრება გვიწევს, რაც გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიით. იცით, რომ აეროპორტების უმრავლესობა, ისევე როგორც ავიაკომპანიების უმეტესობა, დღეისათვის გაჩერებულია და ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ სატვირთო რეისები და შიდა ფრენები განსაკუთრებით დიდ ქვეყნებში.
რაც შეეხება პროცედურებს, პირველ ეტაპზე განიხილება სოციალური დისტანცირება, ვინაიდან აეროპორტი არის განსაკუთრებით ხალხმრავალი ადგილი. დაზუსტებით რაც ვიცით არის ის, რომ სოციალური დისტანცირების შემოღება მოგვიწევს, ხოლო დამატებით ისეთ თემას, როგორიცაა თერმოსქრინინგი, ამ ეტაპზე თერმოსქრინინგი გვაქვს მხოლოდ შემოსვლაზე. თუ იქნება საჭირო თერმოსქრინინგი მოხდება გამფრენ მგზავრებზეც. რაზეც მოთხოვნა ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ველოდებით. სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვები გვეცოდინება და პირველადი მონახაზი გვექნება თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ავიატორებმა.
ამ დროისათვის ფრენების აღდგენის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ვინაიდან ეპიდსიტუაცია იცვლება პრაქტიკულად ყოველდიურად. ჩვენი სამსახურები და საავიაციო ხელისუფება, ყველა აეროპორტი და ყველა ავიაკომპანია არის 24 საათიან რეჟიმში ჩართული და მონიტორინგზე ვართ გადასული იმაზე თუ რომელი ქვეყანა რას გამოაცხადებს და რამდენად იქნება გახსნილი საზღვრები.
საქართველოს შეგვიძლია გავხსნათ საზღვარი, მაგრამ თუ ის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა საზღვარს არ გახსნის ავიამიმოსვლა იქნება შეუძლებელი. საქარველოს ყველა აეროპორტი, მიუხედავად იმისა რომ დღეს ფუნქციონირებს მხოლოდ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, რომლებიც სარეპატრიაციო და სატვირთო ფრენებს ემსახურებიან, ჩვენ ყველანი მზად ვართ იმისათვის, რომ მივიღოთ საჰაერო ხომალდი ნებისმიერ დროს, პრაქტიკულად ერთ საათში რაც გამოცხადდება საჰაერო სივრცის გახსნა”, აცხადებს თამარ არჩუაძე.