ამ ეტაპისთვის COVID-19-ის პანდემიის გამო სახელმწიფო საწარმოების მხრიდან ფისკალურ სექტორზე
ზეწოლა არ არის გაზრდილი, აღნიშნულია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი. დოკუმენტის თანახმადვე, ბუნებრივია, რომ პანდემია საწარმოთა ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს, რაც თავის მხრივ ზრდის ამ სექტორიდან მომდინარე ფისკალურ რისკებს.
COVID-19-ის პანდემიის პირობებში საავიაციო ინდუსტრია დაზარალდა და არსებული შეზღუდვების შედეგად ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
2020 წლის მარტიდან “საქაერონავიგაციაში” ფრენების 89%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. “ევროკონტროლის” წევრ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე
ავიაკომპანიებისთვის საჰაერნაოსნო მომსახურების გადასახდელების გადავადების გამო, შპს „საქაერონავიგაციის“ ფაქტობრივად ვეღარ იღებს შემოსავალს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კომპანია ბანკისგან 10 მილიონი ევროს მოცულობის სესხს მიიღებს. EBRD-მა სესხი ოფიციალურად დაამტკიცა (23/07/2020) და მისი მიზანი სახელმწიფო კომპანიისთვის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავლენის შემცირება, დროებითი შოკის გადალახვა და ლიკვიდურობის შენარჩუნებაა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა სესხი COVID-19 სოლიდარობის პაკეტის ფარგლებში არსებული სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროგრამის (VISP) შესაბამისად გამოყო. სესხის მომსახურებას „საქაერონავიგაცია“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.
პანდემიის გამო რეგულარული სამგზავრო ფრენების ეტაპობრივმა, მიმდინარე წლის 21 მარტიდან კი სრულად შეწყვეტამ, “საქაერონავიგაციის” მსგავსად, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც” დააზარალა. კომპანიის ამონაგების უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია რეგულარულ სამგზავრო ფრენებზე, შესაბამისად კომპანიას მოუწია 2020 წლის ბიზნეს გეგმის დაკორექტირება. საწყისი ბიზნეს-გეგმის მიხედვით შემოსავალი
81,170,274 ლარი იყო, ხოლო დაკორექტირებულ ბიზნეს-გეგმაში ეს რიცხვი 34,297,655 ლარს შეადგენს, რაც 42%-იან შემცირებას წარმოადგენს.