ჩვენ, 2025 წლის პროგნოზი რა თქმა უნდა გვაქვს ყველა დაშვებებზე გაკეთებული, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, რომელიც დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან საკმაოდ კრიტიკული კითხვებიც მოისმინა. როგორც შეხვედრის შემდეგ მაია ომიაძემ მედიასთან განაცხადა, 2025 წელზე შედარებით უკეთესი მოლოდინები არსებობს.
„2025 წლის პროგნოზი რა თქმა უნდა გვაქვს ყველა დაშვებებზე გაკეთებული, მათ შორის მსხვილი დოზა ამაზე მოდის ფრენებზე, სიხშირეებზე, იმ ჯავშნებზე რასაც ველოდებით. ციფრებიც ამას ამბობს,, რომ 2025 წელს უნდა იყოს ძალიან კარგი ტურისტული წელი. რაც შეეხება ბაზრებს, ჩვენ გაქვს პირველადი ბაზრები, რომელიც გულისხმობს პირდაპირი ფრენები სადაც გვაქვს იმ ქვეყნებს. ეს არს ბრიტანეთის და ყურის ქვეყნები, ისრაელი, ინდოეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები, სადაც ჩვენი მარკეტინგის ბიუჯეტის 90%-ის დახარჯვას ვგეგმავთ. ზოგადად ჩვენი ქვეყნის მიდგომა ზოგადად ტურიზმის სექტორის და ახალი ბაზრების მიმართ ყოველთვის იყო დივერსიფიკაცია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ ერთ ბაზარზე არ ვყოფილიყავით დივერსიფიცირებული და ამან ძალიან ბევრჯერ, გარკვეული კრიზისის დროს სექტორს ხელი შეუწყო. კოვიდის შემდეგ ვერც ერთ წელს ვერ დაგვისახელებთ, რომ ტენდენცია პოზიტიურისკენ არ მიდიოდა. დიახ კოვიდის პერიოდმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ნებისმიერი ტიპის გამოწვევა ეკონომიკაში, განსაკუთრებით ტურიზმზე აქვს უარყოფითი ეფექტი. სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრაც, რომ თუ როგორ შევძლოთ, რომ 2025 წელი იყოს ბევრად უკეთესი და ამის მოლოდინები ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
როგორც შეხვედრაზე წარდგენილ პრეზენტაციაში იყო აღნიშნული, 2025 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 8 მლნ საერთაშორისო მოგზაურს ელოდება. ასევე 2025 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 4,7 მლრდ დოლარის დონეზეა ნავარაუდევი.
როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნა, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით ტოპ-ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კლება პოლონეთიდან (-27.1%) და უკრაინიდან (-19.3%) დაფიქსირდა. ასევე კლება იყო თურქეთიდან (-4.3%) და სომხეთიდან (-1.5%) საერთაშორისო ვიზიტორების შემცირებაზე.
„შეხვედრა შედგა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კერძო სექტორს შორის. ტრადიციულად წლის ბოლოს ან წლის დასაწყისში ჩვენ ვაჯამებთ ხოლმე გასულ წელს, შედეგებს, სტატისტიკას და შემდგომი წლის გეგმებს ვაცნობთ ხოლმე სექტორს. სწორედ ამას ეხმიანებოდა დღევანდელი შეხვედრაც. ჩვენ გავაცანით გასული წლის შედეგები კერძო სექტორს, მათ შორის ის მიღწევები რაც გვქონდა შემოსავლების ნაწილში და ასევე საერთაშორისო ვიზიტორების ნაწილში. ასევე ვისაუბრე იმ პროექტებზე, რომელიც განვახორციელეთ და ასევე, გავაცანით 2025 წლის გეგმები. შემდგომ კი დისკუსია იყო კითხვა პასუხის რეჟიმში. რა თქმა უნდა აქაც იყო გაჟღერებული გამოწვევები, 2025 წელს ველოდებით თუ არა ტურიზმის ზრდას. ჩვენ გვქონდა წარდგენა ჩვენი პროგნოზების, თუ რა მაჩვენებლებზე გასვლას ველოდებით 2025 წელს, როგორც შემოსავლების, ისე ტურისტების ნაწილში. შესაბამისად სექტორს ინფორმაცია მივაწოდეთ“, – განაცხადა ომიაძემ.