Georgian Airways-ი ახალი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავით ფრენებს ჩინეთის, ტაილანდის და ინდოეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს, – ამის შესახებ Georgian Airlines Group-ის პრეზიდენტმა ავიახომალდის პრეზენტაციაზე განაცხადა.
თამაზ გაიაშვილმა ავიახომალდის მთავარი მაჩვენებლები, მუშაობის პრინციპი, უსაფრთხოების საკითხები, მაღალი სტანდარტები და სხვა უპირატესობები გააცნო. ახალი ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია.
ღონისძიებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ავიაციის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ქართულ ავიაბაზარზე ახალი, საერთაშორისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ავიახომალდი საქართველოს ავიაციიის ისტორიაში პირველია და ის კომპანიას ლიზინგის წესით გადაეცა.
„ბოინგ 767-300“ აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია და გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და ამასთან, მგზავრებისთვის განსაკუთრებულად კომფორტული ინტერიერით. ავიახომალდს აქვს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა – ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულება, კერძოდ, მას უწყვეტი 12-საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.