დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა კიევის აეროპორტში (ჟულიანი) ჩარჩენილი Airbus A320-დან ექვსივე ძრავა ამოიღო, ამის შესახებ ავიაკომპანიის 2024 ფინანსური წლის ანგარიშშია აღნიშნული.
დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ აღნიშნა, რომ ძრავები წარმატებით იქნა ევაკუირებული უკრაინის ფარგლებს გარეთ და შემოწმების შემდეგ უკვე ამოქმედდა კიდეც. იმავდროულად, ძრავებზე მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, აღნიშნა Wizz Air-მა.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში ჩარჩენილი სამი A320 თვითმფრინავის ჯამური საბალანსო ღირებულება 20,7 მილიონი ევროა.
„კიევში დარჩენილი თვითმფრინავები კარგ მდგომარეობაშია და არ არის დაზიანებული, რასაც მოწმობს ადგილობრივი პერსონალის ფოტოები და მოწოდებული ინფორმაცია. ჩატარდა სარემონტო სამუშაოები ადგილზე პარკირებისა და [თვითმფრინავის] შენახვის პროცედურების ჩასატარებლად“, – დასძინა Wizz Air-მა.
ავიაკომპანია განიხილავს რამდენიმე სცენარს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაემართოს კიევში დარჩენილ A320-ებს. ოპტიმისტური სქემა ითვალისწინებს მათ ევაკუაციას და 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის ავიაკომპანიის ფლოტში დაბრუნებას. სხვა სცენარები გულისხმობს აქტივების ღირებულების ანაზღაურებას დაზღვევის გზით, მესამე პირზე გაყიდვას მთლიანად ან ნაწილებად, ან ღირებულების მთლიანად დაკარგვას.
ოთხი თვითმფრინავი
2022 წლის 23-24 თებერვლის ღამეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს, ქვეყნის აეროპორტებში Wizz Air -ის ოთხი A320 თვითმფრინავი იდგა: ერთი ლვოვში და სამი კიევში. ვინაიდან ქვეყნის ცა დაკეტილი იყო სამოქალაქო ავიაციისთვის, მათ საზღვარგარეთ ფრენა ვერ შეძლეს.
2022 წლის 13 სექტემბერს, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ერთ-ერთ თვითმფრინავის, რომლის სარეგისტრაციო ნომერიცაა HA-LWS, ლვოვის აეროპორტიდან პოლონეთში მისი ევაკუაცია მოახდინა. კიევში დარჩა სამი თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრებით: HA-LPM, HA-LPJ და HA-LWY.
2023 წლის ბოლოს Wizz Air-ის ხელმძღვანელმა იოსეფ ვარადიმ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ავიაკომპანიამ შეძლო ძრავების ამოღება კიევში მდგომი ორი თვითმფრინავიდან და მათი პოლონეთში ტრანსპორტირება.
ჟულიანიდან თვითმფრინავების შესაძლო ევაკუაციის პერსპექტივები კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
კიევის ბორისპოლის აეროპორტიდან 2023 წელს SkyUp Airlines-მა და Azur Air-მა შეძლეს თითო თვითმფრინავის ევაკუაცია, მაგრამ ამ დროისთვის არ არის ცნობილი კიევის ჟულიანის აეროპორტიდან თვითმფრინავების ევაკუაციის არც ერთი წარმატებული შემთხვევა.
2022 წლის დასაწყისში ამ აეროპორტის დაცვას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალი სერგეი კრივონოსი ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან თქვა, რომ მაშინ ასაფრენი ბილიკი ლუბრიკანტებით გაივსო, რამაც აეროპორტი დიდი თვითმფრინავების მისაღებად გამოუსადეგარი გახადა.