საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საუდის არაბეთის სხვადასხვა ქალაქიდან ფრენებს თბილისი და ბათუმის მიმართულებით განახორციელებს. არსებული განრიგის მიხედვით, Flynas-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს რიადიდან, ჯედადან, დამამიდან და კასიმიდან, ხოლო ბათუმის მიმართულებით რიადიდან, ჯედადან, და დამამიდან.
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე Flynas-ი დამამი-თბილისი-დამამს საჰაერო ხაზზე კვირაში 4 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, რიადი-თბილისი- რიადის საჰაერო ხაზზე კი კვირაში 9 სიხშირით. ჯედა-თბილისი-ჯედას საჰაერო ხაზზე კი კვირაში მაქსიმუმ 8 სიხშირით, ხოლო კასიმი-თბილისი-კასიმის საჰაერო ხაზზე კი კვირაში 3 სიხშირით.
რაც შეეხება ბათუმის მიმართულებას, დამამიდან ფრენა კვირაში 5 სიხშირით იგეგმება, ჯედადან 12 სიხშირით , ხოლო რიადიდან 14 სიხშირით.
აღსანიშნავია, რომ 23 მარტს საუდის არაბეთში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი ავიაკომპანია Flynas-ის გენერალურ დირექტორს ბანდერ აბდულრაჰმან ალ-მოჰანას შეხვდა. .
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების საკითხი და მომავალი თანამშრომლობის გზები.
საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანიისთვის საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას.
2022 წელს საქართველოს ეწვია 119,921 საუდელი ტურისტი.