სატვირთო ავიაკომპანია Geosky-ის ავიაპარკი, რომელიც პირველი ქართული ავიაკომპანია იყო, რომელმაც ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება დაიწყო, წლის ბოლომდე კიდევ ერთი თვითმფრინავით შეივსება. Geosky-ი დღეს ჩინეთსა და ევროპას შორის რეგულარულ რეისებს ასრულებს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შუალედური დაშვებით ემსახურება საჰაერო ტვირთნაკადს.
უფრო დეტალურად როგორია ავიაკომპანიის განვითარების გეგმები AviaNews-ი ავიაკომპანიის კომერციულ ოფიცერს სატვირთო გადაზიდვებში ზურაბ ქარქაშაძეს ესაუბრა:
– როგორ აფასებს Geosky Airlines-ი საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს და ხედავს თუ არა კიდევ უფრო მეტად ზრდის შესაძლებლობას?
– ჩვენი კომპანიი ხომალდების მოცულობიდან გამომდინარე ძირითადი საქმიანობა მოიცავს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვას. ვინაიდან საქართველოში სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის არაა დიდი მოცულობის ტვირთებზე მოთხოვნა, მაგრამ გასულ წლებთან შედარებით საქართველოში იმპორტირებული ტვირთის რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. ვიმედოვნებთ, მომავალში შევძლებთ სრულად დავტვირთოთ ჩვენი ბორტები საქართველოს ბაზარზე.
– ქართული ავიაკომპანია Geosky Airlines-ი ბოლო წლებში საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, ავიაკომპანიამ დაამატა სამგზავრო მიმართულება და საერთაშორისო ფრენების შესრულებაც დაიწყო. დღეისათვის Geosky Airlines-ის ავიაპარკი სულ რამდენ საჰაერო ხომალდს აერთიანებს და აქედან რამდენია სატვირთო თვითმფრინავი? როგორია ავიაკომპანიის 2025 წლის ზრდის და გაფართოების გეგმები?
– ამ მომენტისთვის Geosky ოპერირებს 148 მგზავრზე გათვლილი 2 ერთეული – B737-300-ის ტიპის სამგზავრო საჰაერო ხომალდებით და 1 ერთეული B747-200F ; 1 ერთეული B757-200F; 1 ერთეული B767-300F – სატვირთო ხომალდებით. წლის ბოლომდე, Geosky-ს საჰაერო ფლოტში, კიდევ ერთ B767-300F-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდის დამატებას ველოდებით. რაც შეეხება 2025 წელს ასევე ვგეგმავთ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფლოტში ბორტების დასამატებლად, დაზუსტებული ინფორმაცია კი შემდეგი წლის დასაწყისში გვექნება.
– რა მიგაჩნიათ დღეს Geosky Airlines-ის კონკურენტულ უპირატესობად, რატომ უნდა დაუკვეთონ იმპორტიორებმა, თუ ექსპორტიორებმა Geosky Airlines-ს გადაზიდვის სერვისი?
– ჩვენი ავიაკომპანია უკვე 12 წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე და შესაბამისად გვყავს თანამშრომელთა საკმაოდ ძლიერი გუნდი, რომელიც უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს ფრენების შესრულებას. ჩვენ დამკვეთს ვთავაზობთ, როგორც მალფუჭებადი, ასევე გაბარიტული ტვირთების გადაზიდვის სერვისს მსოფლიოს მასშტაბით.
– 10 თვის სტატისტიკის მიხედვით, რა მოცულობის ტვირთებს მოემსახურა Geosky Airlines-ი და აქედან რა პროცენტი იყო ტრანზიტული ტვირთები და რა წილი მოდიოდა ადგილობრივ ტვირთებზე?
– ბოლო 10 თვის განმავლობაში დაახლოებით 9600 ტონა ტვირთი გადავზიდეთ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საქართველოს გავლით.
– უშუალოდ საქართველოს მაგალითზე ექსპორტი უფრო აქტიურია თუ იმპორტი და რომელი მიმართულებები?
– ბოლო პერიოდში, წინა წლებთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია საქართველოში იმპორტირებული ტვირთის რაოდენობა.
– ზამთრის სანავიგაციო სეზონზე რომელ მიმართულებებს რა სიხშირით მოემსახურება ავიაკომპანია და ახალი ხომალდის დამატებით იგეგმება თუ არა რეგულარული რეისების ზრდა?
– ავიაკომპანიის ფლოტის ყველა სატვირთო საჰაერო ხომალდი, დაახლოებით ასრულებს კვირაში 3 ფრენას ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, მათ შორის ფლოტში სულ ახლახან დამატებული ახალი B767-300F-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდიც უკვე აქტიურად არის დატვირთული.
– საინტერესოა საჰაერო გადაზიდვების ტარიფები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასების ცვლილება თუ მოხდა და რა მიმართულებით?
– ფასები და მოთხოვნაც სატვირთო გადაზიდვებზე, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ითაა გაზრდილი.
– რა გეგმები აქვს Geosky Airlines-ს სამგზავრო მიმართულებით ავიაპარკის ზრდის და ახალი მიმართულებების დამატებაზე?
– Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings მუშაობს 2025 წლის ზაფხულის სეზონის დაგეგმვაზე, რაც ცნობილი გახდება 2025 წლის თებერვალში.
– ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც მიმდინარეობს სატვირთო ტერმინალის მშენებლობა. Geosky Airlines დაინტერესებულია თუ არა ქუთაისის აეროპორტში შესვლით და რა გეგმები ამ მიმართულებით?
– ავიაკომპანია Geosky-სთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ყველა ახალი პროექტის განვითარება. განსაკუთრებით სამოქალაქო ავიაციის მიმართულება. მზად ვართ ახალი პროექტის შემთხვევაში განვახორციელოთ სატვირთო ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან.
– მინდა ასევე გკითხოთ უკვე დაანონსებულ პროექტზე, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტზე, ავიაკომპანიის შეფასებით საჭიროებდა თუ არა ქვეყანა დღეს ახალ აეროპორტს, რა შესაძლებლობებს მისცემს სამომავლოდ ქვეყანას ახალი აეროპორტი? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თბილისის ახალი აეროპორტი მართლა ჰაბად იქცეს და რეალურად ხედავთ თუ არა ამის შანსებს?
– იქიდან გამომდინარე, რომ ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა, მუდმივად საჭიროებს აეროპორტებში არსებული ინფრასტრუქტურის ზრდას. დღეის მდგომარეობით თბილისის აეროპორტის ტერიტორიული და ინფრასტრუქტურული განვითარება შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმისა და ფრენების გაზრდას