თვითმფრინავით მგზავრობისას ჩაცმულობის შერჩევა მხოლოდ მოდის საკითხი არ არის; მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის, კომფორტისა და, რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოებისთვის. გამოცემა Travel + Leisure-ის სტატიაში ავიაციის ექსპერტები და ბორტგამცილებლები იმ ნივთების ჩამონათვალს აქვეყნებენ, რომლებიც ფრენისას თავიდან უნდა აირიდოთ. სიის სათავეშია რთული კონსტრუქციის მქონე სამოსი, როგორიცაა კომბინეზონები ან ბევრი ღილისა და შესაკრავის მქონე ტანსაცმელი, რაც საპირფარეშოს ვიწრო სივრცეში მგზავრისთვის დიდ დისკომფორტს ქმნის. ასევე, რეკომენდებულია უარის თქმა ძვირფას სამკაულებსა და მეტალის დეტალებით გაფორმებულ ფეხსაცმელზე, რათა თავიდან აიცილოთ უსაფრთხოების შემოწმებისას რიგების შეფერხება.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქსოვილების შემადგენლობას — ექსპერტები გვირჩევენ, მოვერიდოთ სინთეტიკურ მასალებს, მაგალითად ნეილონს, რადგან ისინი ადვილად აალებადია და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში შესაძლოა კანზე მიდნობა გამოიწვიოს. ნაცვლად ამისა, უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ ბუნებრივ, ჰაერგამტარ ქსოვილებზე, როგორიცაა ბამბა ან სელი. ასევე, არ არის რეკომენდებული ძალიან ვიწრო ტანსაცმლისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, რადგან ხანგრძლივი ფრენისას სხეული შუპდება, ხოლო ვიწრო სამოსი ზრდის ღრმა ვენების თრომბოზის რისკს. გარდა ამისა, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, უმჯობესია ატაროთ დახურული ფეხსაცმელი, რომელიც დაგიცავთ როგორც ბაქტერიებისგან, ასევე შესაძლო ევაკუაციის დროს ტრავმებისგან.
დაბოლოს, ჰიგიენის თვალსაზრისით, ბორტგამცილებლები მგზავრებს ურჩევენ, მოერიდონ მოკლე შორტებსა და კაბებს, რადგან თვითმფრინავის სავარძლები ყოველთვის არ იწმინდება საფუძვლიანად და შიშველი კანის შეხება ზედაპირებთან ბაქტერიების გავრცელების წყარო ხდება. იდეალური ჩაცმულობაა ე.წ. „ფენოვანი“ სტილი — თავისუფალი შარვალი, მაისური და მოსაცმელი, რათა მარტივად შეძლოთ ტემპერატურის ცვლილებასთან ადაპტირება. სწორად შერჩეული სამოსი დაგეხმარებათ, რომ ფრენა იყოს მშვიდი, უსაფრთხო და მაქსიმალურად სასიამოვნო.












