აპრილში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky ლიდერობს.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წლის აპრილში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი 46 რეისი Geo Sky-მ შეასრულა.

სატვირთო რეისების განხორციელების მხრივ მეორე ადგილზეა ბელორუსული ავიაკომპანია Rubystar Airways-ი. ავიაკომპანიამ აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17 რეისი განახორციელა. 

(აღსანიშნავია, რომ Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს. თავად Silk Way West Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილში 1 ფრენა გაახორციელა)

მესამე პოზიციაზე კი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ია, რომელმაც 14 რეისი შეასრულა.

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეოთხე ადგილზეა Turkish Cargo. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13 რეისი განახორციელა.

ლუქსემბურგულმა სატვირთო ავიაკომპანია Cargolux-მა კი აპრილში თბილისის აეროპორტში 4 ფრენა შეასრულა. 

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 98%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის აპრილში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1736,127 ტონა შეადგინა, 2020 წლის აპრილში კი 877,708 ტონა.

2021 წლის აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის აპრილში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით 2,20%-ითაა გაზრდილი. 2019 წლის აპრილში აეროპორტმა 1698,773 ტონა ტვირთი გაატარა.