საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულება – აბუ – დაბი ემატება. არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi , 1-ლი ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), კვირაში 3 სიხშირით პირდაპირ რეისებს აბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბი მიმართულებით შეასრულებს. Air Arabia Abu Dhabi ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წელს დაიწყო.
„მოხარულები ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება. მათ შორის, 1-ლი ივლისიდან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტრანსპორტის, ტურიზმის და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას. რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი შეძლებს მოგზაურობას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოში ავიაციის სექტორის აღდგენის კუთხით მიმდინარეობს. კოვიდ-19 ფაქტორით გლობალურად ძალიან დაზარალდა ავიაციის სფერო, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რაც დღეს ჩვენს გუნდს აქვს ახალი ავიაკომპანიების მოზიდვისა და პირდაპირი რეისების მატების კუთხით.
„აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმართ დაინტერესება მაღალია. Air Arabia Abu Dhabi რიგით მეექვსე ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც წლევანდელი ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან იწყებს საქართველოში ოპერირებას. ავიარეისების განხორციელება უკვე დაიწყეს ყაზახურმა და უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა FlyArystan-მა და Bees Airline-მა, 4 ივლისიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი Eurowings-ი დაიწყებს დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას, ხოლო ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ჩარტერული რეისების შესრულებას გეგმავს. აღნიშნულის პარალელურად, ჩვენ უკიდურესი სიფრთხილით ვეკიდებით საზღვრების გახსნით გამოწვეულ ვიზიტორების გაზრდილ დინამიკას, შესაბამისად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის წარმატებით გაგრძელება და ჯანდაცვის პროტოკოლების ზედმიწევნით დაცვა საქართველოში ეპიდვითარების სტაბილურობის და ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მთავარი ავიაკომპანიები ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი