ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენები COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფონზე დაწესებული რეგულაციების გამო შეაჩერა, ქუვეითსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენით დაინტერესებულია და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს აღადგენს.
როგორც ქუვეითში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში კონსტანტინე ჟღენტმა და საელჩოს მრჩეველმა იოსებ გამგონიძემ შეხვედრა გამართეს ქუვეითის Jazeera Airways-ის წამომადგენლებთან.
“ქუვეითის მხარის მიერ მოთხოვნილი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქუვეითსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლება, რომელიც შეჩერებული იქნა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებით”, აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ავიაკომპანია Jazeera Airways-ზე ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ოპერირებისთვის ნებართვა 10 მაისიდან პერიოდზე აქვს გაცემული. GCAA-ს საიტზე განთავსებული გრაფიკიდან ირკვევა, რომ Jazeera Airways რეისების განხორციელებას კვირაში 3 სიხშირით იწყებს, ხოლო 1-ლი აგვისტოდან მეოთხე სიხშირესაც ამატებს.
შეგახსენებთ, რომ Jazeera Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. როგორც ცნობილია, ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე დაინტერესება ბოლო პერიოდში სულ უფრო მზარდი იყო.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Jazeera Airways-ი 2004 წელს დაფუძნდა და დღეისათვის ქუვეითში ერთ-ერთ მსხვილ ავიაგადამზიდავად მიიჩნევა.