ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა, საქაერონავიგაციის, შსს იმერეთის რაჭა – ლეჩხუმი ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს ფარცხანაყანების განყოფილებამ, განაღმვის სამსახურის სპეციალურმა დანაყოფმა, ასევე, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონალური ცენტრის წარმომადგენლებმა.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში ძრავზე ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ავარიულად ეშვება, რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება  საავარიო-ოპერატიული ცენტრი. აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა,  ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.

პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე ორგანიზაციის ჩართულობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა გაგა სანიკიძემ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებმა სწავლების შედეგები გააანალიზეს.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმულაციური სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა. სწავლება ორ ეტაპად იყო დაყოფილი: პირველ ეტაპზე, საჰაერო ხომალდიდან გადმოგვცეს ავარიული დაშვება, რაზეც ჩვენი მხრიდან სწრაფი რეაგირება მოყვა და მოხდა საჰაერო ხომალდზე ხანძრის ლიკვიდაცია. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ბაქანზე მდგარ საჰაერო ხომალდზე მოხდა ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა. მსგავსი სწავლებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პერიოდულად ტარდება. რაშიც მონაწილეობას იღებს აეროპორტის სამსახურები და ასევე, დასავლეთ საქართველოში არსებული სხვადასხვა სტრუქტურები,-‘’განაცხადა გაგა სანიკიძემ.

გეგმიური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული. სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, 2  წელიწადში ერთხელ ტარდება. საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ, მსგავსი სახის გეგმური სწავლება წელს, ამბროლაურის აეროპორტშია დაგეგმილი.