საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების პირველი 3 თვიანი სასწავლო კურსი 16-მა მსმენელმა გაიარა. კურსის ბოლოს, ტესტირების საფუძველზე გამოვლენილმა პირველი გამოშვების 10-მა წარმატებულმა სტუდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე,  სტაჟირება გაიარა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა გაგა სანიკიძემ და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ გადასცეს.

,,იმერეთის რეგიონში საავიაციო ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციას მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი პირველი გადამზადების კურსი 16-მა ქუთაისელმა ახალგაზრდამ გაიარა. კურსის ბოლოს, ტესტირების საფუძველზე გამოვლენილმა 10-მა წარმატებულმა სტუდენტმა  სტაჟირებაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სხვადასხვა სამსახურებში გაიარეს. ჩვენი მიზანია, რეგიონში არაფორმალური მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელშეწყობის კუთხით ვითანამშრომლოთ  და ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. სამომავლოდ კი წარმატებული კურსდამთავრებულები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დავასაქმოთ,-‘’განაცხადა გაგა სანიკიძემ.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც აგრძელებს და ავითარებს ქალაქის საგანმანათლებლო ტრადიციებს. მისი მთავარი მიზანი ინფორმაციული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებების განვითარებაა.