მთავარი აეროპორტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Dunkin’ Donuts იხსნება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Dunkin’ Donuts იხსნება

108

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ, Dunkin’ Donuts-ის ამერიკული რესტორანი 3 აგვისტოს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში გაიხსნება. ქუთაისში, რიგით მეორე და საქართველოს მასშტაბით მე-20 Dunkin’ Donuts-ის რესტორანში 20 ადამიანი დასაქმდა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, Dunkin’ Donuts-ის რესტორანი აეროპორტში რიგით მეოთხე კვების ობიექტი იქნება. ქეთევან ალექსიძის განცხადებით, საერთაშორისო ბრენდებისთვის კომერციული კუთხით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სულ უფრო საინტერესო ხდება.

,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ქუთაისის აეროპორტის განვითარების სტრატეგიაზე. როგორც ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ავიამიმართულებების დამატების კუთხით, ასევე, ტერმინალში კომერციული და კვებითი ობიექტების ზრდის მიმართულებით. ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად იზრდება მგზავრების მოთხოვნებიც. ამიტომ ქუთაისის აეროპორტში ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ადგილობრივის შემდეგ ქუთაისის აეროპორტში საერთაშორისო ბრენდის რესტორანი იხსნება. იმედი გვაქვს, რომ  აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება,-‘’ განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

Dunkin’ Donuts-ი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, რომელიც თითქმის 70 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. 2015 წლიდან „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული რესტორნების ქსელმა Dunkin’ Donuts-მა იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის კერძებს სთავაზობს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Dunkin’ Donuts-ის რესტორანში ტრადიციულად შეთავაზებაში იქნება საქართველოს ბაზარზე ხარისხით სრულიად გამორჩეული ცხელი და ცივი ყავა და ყავის პროდუქტები, 20-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქტი, როგორც ქართული ასევე უცხოური სამზარეულოდან და  თბილისის დონატების ქარხანაში დამზადებული დონატების ნაირსახეობა და ფრანგული წარმოების ფუნთუშეული.