27 ივლისი – 3 აგვისტოს პერიოდში, ბათუმში, ELSA საქართველოს ორგანიზებით, ზაფხულის სამართლის საერთაშორისო სკოლის ვორქშოპები პირველად იმართება. ღონისძიებაში ევროპის 10 ქვეყნიდან 20-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის სტუდენტებს, ELSA-ს ზაფხულის სკოლის ფარგლებში, ერთი დღით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა უმასპინძლა. ევროპელ სტუდენტებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი შეხვდა. ირაკლი ქარქაშაძემ ევროპელ სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ავიაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.


,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ იურისტ სტუდენტებს ვმასპინძლობთ. მათ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ჩაუტარდათ ტრენინგი სახელმწიფო უშიშროების პროგრამასთან დაკავშირებით. ისინი გაეცნენ საკანონმდებლო ბაზას და იმ პროცედურებს, თუ როგორ მიმდინარეობს საავიაციო უშიშროების მუშაობა აეროპორტებში და რა სამართლებრივი დოკუმენტაცია არეგულირებს ამ საკითხს. ევროპელ სტუდენტებს ასევე, ჩაუტარდათ ექსკურსია აეროპორტის მასშტაბით და დეტალურად დაათვალიერეს ჩვენი ინფრასტრუქტურა და გაეცნენ ყველა პროცედურას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და UAG აკადემია მუდმივად ზრუნავს ახალი თაობის გაზრდაზე. მზად ვართ იმისთვის, რომ მივიღოთ როგორც სტაჟიორები, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირი და მათ ჩავუტაროთ ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, UAG აკადემიის ტრენერისგან ბექა ხიტირისგან, სტუდენტებმა ლექცია მოისმინეს თემაზე საავიაციო სამართალი და საჰაერო უსაფრთხოება. ევროპელი სტუდენტები თემატურ დებატებში ჩაერთნენ და მოგვიანებით აეროპორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ევროპელმა სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქუთაისის აეროპორტის საავიაციო უშიშროების მუშაობის, საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურების შესახებ.


,,დღეს გვქონდა შესაძლებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოგვესმინა ლექცია საავიაციო უშიშროებისა და უსაფრთხოების თემაზე და დამესვა კითხვები ჩემთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გავცნობოდით სიახლეებს, რაც ქუთაისის აეროპორტშია დაგეგმილი და დაგვესვა კითხვები საბაჟოსა და პოლიციის ოფიცრებისთვის, იმ თემებზე რაც ჩვენთვის საინტერესო იყო ამ კუთხით. დიდი მადლობა, რომ მომეცა შესაძლებლობა გამეგო, არამხოლოდ ამ აეროპორტის შესახებ, არამედ ჩვენი თვალით დაგვენახა, როგორ ვითარდება და იზრდება საქართველო ევროპული ასპირაციის კუთხით. ქუთაისის აეროპორტი, შეიძლება ითქვას, არის სიმბოლო მსოფლიოში საქართველოს განვითარების მიმართულებით,-“განაცხადა იტალიელმა სტუდენტმა ლეონარდო მინიკეტიმ.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი, იურისტ სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც ევროპის 43 სახელმწიფოს 390-მდე უნივერსიტეტშია წარმოდგენილი. ასოციაციის მიზანია, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შეიქმნას პროფესიონალი იურისტის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ჯანსაღი გარემო და უზრუნველყოს ევროპელ კოლეგებთან სამართლებრივი, საგანმანათლებლო, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ურთიერთგაცვლა.