330 რეისი და 93,919 მგზავრი. 2022 წლის ივლისის თვეში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტ რეისსა და მგზავრს მოემსახურა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ ივლისის თვეში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გასული თვე არსებობის მანძილზე ისტორიულად ყველაზე დატვირთული იყო. ერთ თვეში 330 რეისისა და 93,919 მგზავრის მომსახურება ჩვენი აეროპორტისთვის ერთდროულად სასიხარულოც იყო და საპასუხისმგებლოც. მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს. იცით, რომ Wizz Air–მა ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა, დაიწყო პირდაპირი ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით. ასევე, მეორე ხომალდმა საშუალება მისცა ავიაკომპანიას არსებულ მიმართულებებზე ფრენი სიხშირეები გაეზარდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი აეროპორტში მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდას შეუწყობს ხელს”,- აცხადებს თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.