ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით სატრანსპორტო სქემა საკმაოდ მოქნილია. ქვეყნის დიდი ქალაქებიდან აეროპორტის მიმართულებით სატრანსპორტო კომპანიები აქტიურად ოპერირებენ. კომპანიები, რომლებიც გურიის, სამეგრელოსა და აჭარის მიმართულებით ახდენენ გადაზიდვებს, ბილეთებს ქუთაისის აეროპორტამდეც აქტიურად ყიდიან. რეისებზე მორგებული ტრანსპორტი მოძრაობს ასევე ქალაქ ქუთაისიდანაც.

ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება. როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ეთერში განაცხადა, დაგეგმილია, რომ ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს, რაც აეროპორტის მიმართულებით გადაადგილებას კიდევ უფრო მარტივს გახდის.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით რეისებზე მორგებული მარშუტები არსებობს, რომელსაც ორი სხვადასხვა კომპანია (რედ: Georgian Bus-ი და Omnibus-ი) ემსახურება, რომლებმაც თავის მხრივ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო გადაზიდვებში არიან გამარჯვებულნი.

ასევე ქუთაისის მუნიციპალიტეტს აქვს გეგმა, რომ ქუთაისი აეროპორტის მიმართულებით დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი, ისე როგორც თბილისში ხდება და აეროპორტის მიმართულებით #37 ავტობუსი გადაადგილდება”, აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს წლების მანძილზე ემსახურებოდა სატრანსპორტო კომპანია რომელიც მგზავრთა რეგულარულ გადაყვანას ახორციელებდა საქართველოს დიდი ქალაქების, მათ შორის ქუთაისის მიმართულებით.

უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ორი სატრანსპორტო კომპანია ემსახურება, რეისები ავიარეისების განრიგის მიხედვით სრულდება და ქალაქ ქუთაისამდე ტრანსპორტირების ღირებულება 5 ლარია.