ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა.
მინისტრი ადგილზე გაეცნო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს და მოქმედ ტერმინალებში არსებულ ვითარებას. ნათია თურნავასთან ერთად აეროპორტში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძეც იმყოფებოდა.
ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში არსებული აეროპორტების ინფრასტრუქტურა მაღალი სტანდარტების შესატყვისი და უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის სახე უნდა იყოს.
„ჩვენ ვმასპინძლობთ მილიონობით ტურისტს, გავზარდეთ ავიაკომპანიების რიცხვი და პირდაპირი ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებამდე, მაგრამ ამის საპირწონედ ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მაღალი სტანდარტის შესატყვისი და კომფორტული როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რათა მათ უსფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრონ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო პროცესი, რომელიც გულისხმობს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტების მოწესრიგებას.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ ასევე იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც გარკვეული ხარვეზებია გამოსასწორებელი, რაც მკაცრად გაკონტროლდება.
„თუმცა ჩვენ თვითკრიტიკულებიც უნდა ვიყოთ და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, უნდა იყოს სანიმუშო. დღეს დავათვალიერე აქაურობა, შენდება ახალი ტერმინალი, რომელიც გაისად შევა მწყობრში და ძალიან ბევრი საკითხი მოწესრიგდება. შესაბამისად, აქედან მგზავრობა გახდება უფრო კომფორტული და მიმზიდველი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
თუმცა, მისივე თქმით, დღესაც, არსებულ ვითარებაში, შესაძლებელია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკეთესად მოემსახუროს მგზავრებს, მოწესრიგდეს ელემენტარული დეტალები, როგორიცაა რიგები, სანიტარული პირობები, ავეჯის განახლება, რაც შეიძლება ტურისტებს თვალში მოხვდეთ და გარკვეულწილად, არ ეკადრება ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას.