მთავარი აეროპორტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 64 ათასამდე მგზავრს მოემსახურა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 64 ათასამდე მგზავრს მოემსახურა

115

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55 % გაიზარდა. ივნისის თვეში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 63,679 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივნისი 41, 133 მგზავრი).

რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, ამ კუთხითაც ზრდა ფიქსირდება. 2018 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 231 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 41 %-ით მეტია (2017 წლის ივნისი 164 რეისი).
2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 234 743 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 %-ით მეტია. (2017 წლის 6 თვე – 183 632 მგზავრი).
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატების შემდეგ მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
,,ივნისში ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, შეიძლება ითქვას, მართლაც მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოვემსახურეთ.
მგზავრთნაკადის 55 %- იან ზრდას რა თქმა უნდა, ახალ მიმართულებებს ვუკავშირებთ. ესენია: რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა და ათენი. გუშინ უკვე ბუქარესტის მიმართულებაც დაგვემატა. მოლოდინი მომავალ თვეშიც პოზიტიური გვაქვს“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.