ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ევროპულ ქალაქებთან პირდაპირი ავიარეისები სასტუმრო ბიზნეს ქუთაისში ინვესტირებისკენ უბიძგებს.

“ქუთაისი ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაა. ქუთაისში არის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ევროპის ძალიან ბევრი ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ემსახურება. ქუთაისი გახდა ერთგვარი ჰაბი ევროპიდან ტურისტების შემოყვანის. ამის გარდა, ქუთაისი ერთგვარი საბაზო ქალაქია, სადაც ტურისტი ჩერდება და დასავლეთ საქართველოს მონახულებას ქუთაისიდან ახორციელებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ქუთაისში Ramada-ს ბრენდით 121 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა. სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მისი კარკასი თითქმის დასრულებულია”, აცხადებს Georgia Real Estate Holding-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბურდილაძე, რომელმაც ქუთაისში Ramada-ს ბრენდით სასტუმროს გახსნა 2020 წლისთვის დაანონსა. 

Ramada უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის Wyndham Hotel Group-ის ბრენდია, რომელიც, სასტუმროთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქსელია. მასში 21 ბრენდია გაერთიანებული და 80 ქვეყანაში 9100 სასტუმროს მოიცავს.

ქუთაისის ახალი სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება მოიცავს 121 ნომერს განსაკუთრებული ინტერიერითა და ხედებით. სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ  მისი ოპერირებისთვის 250-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

ქუთაისის ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტში გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან.