ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა დასრულდა, რომლის ფარგლებშიც ძველი და ახალი ტერმინალები გაერთიანდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, გაფართოების შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლიურად 2.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
,,აეროპორტი არის 6-ჯერ უფრო დიდი ვიდრე იყო. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მოვემსახუროთ წელიწადში 2,5 მლნ მგზავრს, ხოლო ერთდროულად გავატაროთ 1200 მგზავრი. განახლებულ აეროპორტში მგზავრებს დახვდებათ გაუმჯობესებული სერვისები. მათ მოემსახურებათ მეტი თანამშრომელი, მეტი კვების ობიექტი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა. მგზავრებისთვის ასევე ,იქნება შესაძლებლობა განახორციელონ self checkin-ი, baggage drop-ი, ასევე მათ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში საერთაშორისო ბრენდის კვების ობიექტებით სარგებლობა შეეძლებათ. აუცილებელია აღვნიშნო, რომ იმერეთის რეგიონისთვის შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები და აეროპორტი ერთდროულად, თავის კონტაქტორებთან ერთად, მომავალში 1200-მდე ადამიანს დაასაქმებს”, აცხადებს თამარ არჩუაძე.
მისივე თქმით, ორივე ტერმინალი გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ ყარყარაშვილმა იმუშავა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ძველი ტერმინალის ფართობი 4800 კვადრატული მეტრი იყო, გაფართოების შედეგად კი – ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. აქამდე თუ ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას ახერხებდა, განახლებული ტერმინალის შემთხვევაში მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. ქუთაისის განახლებული აეროპორტის ტერმინალში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10 დან 18 მდე გაიზარდა, აქედან ორი ე.წ. baggage drop off -ია, სადაც მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. გაზრდილია სასაზღვრო გამშვები ჯიხურების რაოდენობა გაფრენის ზონაში 6 დან 11 მდე, ხოლო მოფრენის მხარეს კი – 8 დან 14 მდე.
კომერციული ფართების რაოდენობა ძველ ტერმინალში თუ 200 კვ მეტრის ოდენობის იყო, განახლებულ ტერმინალში უკვე მათი კვადრატულობა 2000 მდე გაიზარდა. განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1200 მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. ტერმინალის გაფართოება/აღჭურვის საინვესტიციო ღირებულებამ 110 მლნ.ლარი შეადგინა. სხვადასხვა დროს აეროპორტის გაფართოების პროექტზე დასაქმებული იყო 500 ზე მეტი ადამიანი. იყო 100 ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.