2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში ქუთაისის აეროპორტთან (სოფელ ჯიხაიში) 4-ვარსკვლავიანი 103-ნომრიანი სასტუმრო  გაიხსნება.

სასტუმრო ჯამში, 5-სართულიანი (მიწისქვეშ -1 სართული; მიწისზედა +4 სართული) იქნება. სასტუმრო კაზინოთი, რესტორნით, ბარით და 160-ადგილიანი პარკინგით იქნება წარმოდგენილი. 

როგორც BM.GE-ის მშენებლობის განმახორციელებელი, დეველოპერული კომპანია GDG ჯგუფის დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა, ამჟამად მოლაპარაკებების პროცესი Marriott-ის და Best Western-ის ბრენდებთან მიმდინარეობს.

როგორც წაქაძე აღნიშნავს, ქუთაისში ოპერირებასთან დაკავშირებით ორივე ბრენდს თავისი მოთხოვნა აქვს. ბიზნესმენის თქმითვე, ის საბოლოო გადაწყვეტილებას, პირობების განხილვის შემდეგ მიიღებს. 

„Marriott-ი გაცილებით მაღალი ბრენდია, თუმცა გააჩნია როგორი მოთხოვნები ექნებათ, შესაძლოა იყოს Marriott-ი. 2020 წლის მარტის ბოლოს თეთრი კარკასი უნდა დავასრულოთ და რემონტი დავიწყოთ. ასევე 2020 წელს რომელიმე ბრენდთან ხელშეკრულებას დავდებთ.  რაც შეეხება კაზინოს, ის სასტუმროს ოპერატორს მართვაში გადაეცემა და ამის მიხედვით განისაზღვრება, აეროპორტთან რომელი კაზინო დაიწყებს ოპერირებას”, – განაცხადა წაქაძემ.  

როგორც GDG ჯგუფის დამფუძნებელი აღნიშნავს, ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს გახსნა ტურისტებსაც კომფორტს შეუქმნის. 

ცნობისთვის: სასტუმროში, ჯამში, 5 მლნ დოლარამდე ინვესტიცია ხორციელდება.

წყარო:BM.ge