ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებიდან სრულად დამთავრებულია რკინა-ბეტონის სამუშაოები, (ჩაისხა დაახლოებით 16 500 კუბური მეტრი ბეტონი ), ამ ეტაპზე მიმდინარეობს რკინის კონსტრუქციის მონტაჟი.
მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 2019 წელს დასრულდება. ამ ეტაპისთვის პროექტზე გამოყოფილია 60 მლნ ლარი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში 300 მგზავრს ემსახურებოდა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი აეროპორტს 7 გასავლელი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შუფერხებლად გატარებას შეძლებს. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე 440 ადამიანია დასაქმებული, აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება.
2019 წლის დასაწყისისთვის დაიწყება ტერმინალების შეერთების ფაზა, იმიტომ, რომ არსებული ტერმინალის ნაწილის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, კერძოდ რკინის კონსტრუქციების. საბოლოო ჯამში ეს იქნება ერთი მთლიანი ახალი ტერმინალი, სადაც არსებული ტერმინალი სრულად გახდება გაფრენის ზონა. ჯამში იქნება 7 გასასვლელი, რაც უზრუნველყოფს პიკურ საათში 7 რეისის ერთდროულად მომსახურებას”, აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44 %-ით გაიზარდა. აგვისტოში ქუთაისის აეროპორტი 72210 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის აგვისტო 50094 მგზავრი).
2018 წლის 8 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 %-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე – 283355 მგზავრი).