მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სვანეთში კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სვანეთში განთავსების ობიექტებთან, სასტუმროებთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ სვანეთში შიდატურისტული მიზნით მყოფი მოქალაქეების მიმართ. მოვუწოდებთ ყველას დარჩნენ იმ სასტუმროებში სადაც ისინი არიან განთავსებულები. დამსვენებლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალური კონტაქტი ჰქონდეთ უშუალოდ იმ სასტუმროს წარმომადგენლებთან ვისთანაც სტუმრად არიან და ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144″, აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთში ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ.
„თითოეულ ადამიანთან დამყარდება კომუნიკაცია, რომ სვანეთში, ადგილზე გაიარონ კარანტინი ან მოხდეს მოქალაქეების ორგანიზებული გადაყვანა სხვა რეგიონებში, სადაც ჩვენ საკარანტინო სივრცეები გვაქვს მოწყობილი.
საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო მთელ მსოფლიოში, რომელმაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის დროულად მოახდინა რეგულაციების შემოღება სანიტარული ნორმების დასაცავად.
ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმალური მხარდაჭერით ყველა პროტოკოლი გვაქვს შემუშავებული ტურიზმის სექტორისთვის, რათა ვირუსის გავრცელების რისკი იყოს მინიმალური. ეს ეხება როგორც განთავსების ობიექტებს, ასევე კვების ობიექტებს.
ნაადრევია საუბარი, რომ ამას შეიძლება გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს კურორტზე. მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე ვიზრუნოთ იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება”, განმარტავს ქვრივიშვილი.
მისივე განცხადებით ვირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში ტურიზმის გახსნა ეტაპობრივად ხდება.
„ტურიზმის თანმიმდევრული და ფრთხილი გახსნა საქართველოს მთავრობის გეგმის ნაწილია, სწორედ ამიტომ ხდება ეტაპობრივად ქვეყნების შერჩევა და რეისების ეტაპობრივი აღდგენა, რომ ჩვენ კერძო სექტორთან და საზოგადოებასთან ერთად ვისწავლოთ და კიდევ უფრო გავამყაროთ ამ პროცესების მართვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შიდატურიზმისთვის და უშუალოდ სვანეთისთვის, რომ ეს პროცესი არ იყოს მტკივნეული და ადამიანებს ჰქონდეთ მოტივიაცია, რომ უსაფრთხოდ იმოგზაურონ. “-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.