TAV Georgia-ს ოპერირებაში მყოფი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე ამბობს, რომ აეროპორტში შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის შემდეგ გახდა საჭირო, მზადაა.
“ჩვენ უკვე მზად ვართ მგზავრების მისაღებად. შემოსასვლელებში დამონტაჟდა სპეციალური ვიდეო სკანერები, რომლითაც ჩვენ სიცხეს გავუზომავთ ტერმინალებში ყველა შემომსვლელს. ასევე მოხდა მოფრენისა და გაფრენის ტერმინალის უსაფრთხო დისტანციის სპეციალური სტიკერებით მონიშვნა. ასევე სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო სპეციალური დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენსა და მგზავრს შორის.
ყველა საერთაშორისო სტანდარტი და რეგულაცია, რომელიც აეროპორტების მიმართ დღეისათვის არსებობს ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. ველოდებით, როდის გაიხსნება საზღვრები და როდის შეგვეძლება ტურისტების და არა მხოლოდ ტურისტების მიღება”, – განაცხადა თეა ზაქარაძემ, რომელიც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებს მინისტრს ნათია თურნავას მასპინძლობდა.
მინისტრი აეროპორტში იმ მზაობისა და ცვლილებების სანახავად მივიდა, რაც COVID-19-ის გავრცელების შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა აეროპორტი სავალდებულო გახდა. ნათია თურნავა აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს დეტალურად გაეცნო.
„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტები მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს უპასუხონ, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს როგორც ტურისტების მიღება, ასევე ჩვენი მოქალაქეების გაფრენა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ ძალიან დიდი შრომა გაწია, რომ უსაფრთხოების სტანდარტები ყველა პროცედურის დროს, ყველა ნაბიჯზე უმაღლეს დონეზე იყოს დაცული.
„პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ აეროპორტებსაც”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.