ყველა COVID-ვაქცინირებულ ადამიანზე შესაბამისი დამადასტურებელი ცნობა გაიცემა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ეს იქნება ორენოვანი ცნობა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს.

„ამცრელი ბრიგადები სამი ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. ამცრელი, ექიმი, სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მესამე არის რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები და ყოველკვირეულად შეჯამდება ვაქცინაციის პროცესი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

AstraZeneca -ს ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.