“ის ფაქტი, რომ ტურისტების ზრდის მაჩვენებლებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა, ნამდვილად მნიშვნელოვანი და ღირებულია“, ასე გამოეხმაურა დიდების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი მელაძე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველომ მე-4 პოზიციას.
„საქართველოს გიდების ასოციაციის სახელით, შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ფაქტი შეესაბამება რეალობას და გამოიხატება ტურისტულ გიდებზე გაზრდილი მოთხოვნით. ამავდროულად აღსანიშნავია, სულ უფრო და უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ინტერესდება გიდის პროფესიის შესწავლით.
ისინი ამჩნევენ, თუ რაოდენ პერსპექტიული და საინტერესოა პროფესია, რომელიც საშუალებას მოგცემს გააცნო და შეაყვარო ქვეყანა სტუმარს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ტურიზმის სფერო სწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყანა მიმზიდველია ყველა ტიპის ტურისტისთვის და ის კულტურული თუ ლანდშაფტური მრავალფეროვნება, რომელსაც საქართველო სთავაზობს სტუმრებს, ნამდვილად არ ტოვებს გულგრილს არავის. ძალზე კარგი სტატია გამოაქვეყნა ჟურნალმა “ფორბსმა” საქართველოს შესახებ, სადაც სწორედ ამ მრავალფეროვნებაზეა საუბარი და ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველო არის ახალი ტურისტული ტრენდი, რომელიც ხდება სულ უფრო და უფრო ცნობადი და მოთხოვნადი“, აცხადებს ქეთი მელაძე.
როგორც ცნობილია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, ტენდენციები და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად შემდეგ ქვეყნებში გაიზარდა
ეგვიპტე 55%
ტოგო 46%
ვიეტნამი 29%
საქართველო 27.9%
ზრდის მიმართულებით საქართველომ გაუსწრო ტურისტულად განვითარებულ შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი და ა.შ.
ანგარიშის მიხედვით საქართველო ისეთ ტურისტულად სწრაფად მზარდ ქვეყნებთან ერთად აღმოჩნდა, როგორებიც არიან: ეგვიპტე, ტოგო და ვიეტნამი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო ტურისტული ზრდის მიხედვით მსოფლიში მოწინავე პოზიციებს იკავებს. გასულ წელს საქართველომ ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით გასულ წელს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა.